საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაში პოლიტიკური ანალიზისთვის ყველაზე თვალშისაცემი რუსეთის მიმართ გამოვლენილი ნაკლები აგრესიულობა იყო. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.
"პოლიტიკური ანალიზისთვის ყველაზე თვალშისაცემი არის რუსეთის მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულება, რაც აისახა სავიზო რეჟიმის მოხსნაში. ნაკლები აგრესიულობა იყო რუსეთის მიმართ. რუსეთის მიმართ ტონის შერბილებას ალბათ უფრო დიდი კონტექსტი აქვს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ. რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა იყო სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრების თემა და ყოველთვის ითხოვენ ჩვენგან, რომ არ გავამწვავოთ და ვცადოთ რუსეთთან ამ ურთიერთობის მოგვარება", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, დიდი ყურადღება დაეთმო სოციალურ პრობლემებს, სოფლის მეურნეობას, მაგრამ ეს სფეროები ყოველთვის იყო საპრეზიდენტო გამოსვლაში ყურადღების საგანი. საყვარელიძის თქმით, მისასალმებელია, რომ ძირითად მოხსენებაში კორექტულად იყო ჩამოყალიბებული დემოკრატიულობა, პლურალიზმი და ის, რომ ყველა პირობა უნდა შეიქმნას ნორმალური არჩევნების ჩასატარებლად.
"რაც შეეხება დებატებს, ეს პოლიტიკური კორექტულობა დებატებში გაქრა და სამწუხაროდ განმეორდა იგივე, რომ შეურაცხყოფის ელემენტით ძალიან ხშირად იყო ჩანაცვლებული არგუმენტაცია. შეიძლება მოიმატა დებატების დონემ, მაგრამ სასურველია რომ ეს დონე მომატებულიყო უმრავლესობაში, რადგან ის შეურაცხყოფის ინტონაცია რაც უმრავლესობასთან ფიგურირებდა ძალიან ხშირად, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს კრიტიკა, მეტისმეტად შეუფერებელია ასეთი საპარლამენტო დებატებისთვის", - განაცხადა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გუშინ წარსდგა, რის შემდეგაც საპარლამენტო დებატები გაიმართა.