მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ტოჩილაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
როგორც ტორჩილაშვილმა გამნართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლება "სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულ სახსრებს უყაირათოდ და არამიზნობრივად ხარჯავს.
"ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ჩატარდა სასმელი წყლის შიდა ქსელის რემონტი, რისთვისაც 16 500 ლარი დაიხარჯა. გაკეთდა წყლის შემკრები აუზი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ის ერთი მეტრით მაღლაა და მასში წყალი არ შედის. შედეგად, ეს თანხა შილდელებისთვის წყალში გადაყრილი აღმოჩნდა", _ აცხადებს დავით ტოჩილაშვილი.
პრესკონფერენციაზე მოყვანილი იყო სოფელ ბალღოჯიანის მაგალითაც. კერძოდ, თოჩილაშვილის თქმით, ამ სოფელში ჭაბურღილები წყლის მაგისტრალურ სადენთან უნდა შეერთებულიყო და ამ მიზნით, 6 ათასი ლარი გამოიყო, მაგრამ სამი ჭაბურღილიდან მაგისტრალურ წყალსადენს მხოლოდ ერთი მიუერთეს, რის გამოც წყალი ბალღოჯიანის მოსახლეობის მესამედსაც კი არ მიეწოდება.
"თუმცა, დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შესრულდა სამივე ჭაბურღილის მიერთება", _ აცხადებს დავით ტოჩილაშვილი.
მისივე თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ყვარელში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების სამუშაოები შეასრულა და ამ საქმისთვის 300 ათასი დოლარი დახარჯა.
"საპროექტო და დანარჩენი სხვა სახის სამუშაოები იმდენად არაკვალიფიციურად შესრულდა, რომ საქმე, ფაქტობრივად, არ გაკეთებულა და ყვარლის მოსახლეობა დღემდე განიცდის სასმელი წყლის დეფიციტს. არადა, ამ შემთხვევაშიც, თანხები, დოკუმენტაციის მიხედვით, მთლიანად არის ათვისებული", _ აცხადებს დავით ტოჩილაშვილი.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დეტალურად შეისწავლონ სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტები და დამაშავე პირებს პასუხი მოსთხოვონ.