საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც უარყო მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სემეკ-მა ქუთაისში, სოლომონ ქუჩის მე-4 შესახვევის მაცხოვრებლები მოატყუა და დამამცირებელ მდგომარეობაში ჩააყენა.
"კომისია აღნიშნულ ინფორმაციას ცალსახად უარყოფს და აცხადებს, რომ სოლომონ მეორის ქუჩის მე-4 შესახვევში მცხოვრებთაგან, ბუნებრივი გაზის გადასახადთან დაკავშირებით კომისიაში შემოსულია მხოლოდ ერთი მოქალაქის განცხადება. განცხადების შემოსვლის თარიღია 2012 წლის 24 თებერვალი. დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. გარდა ამ განცხადებისა და მედიის ზეპირი მომართვებისა, აღნიშნულ საკითხზე კომისიას არავინ დაკავშირებია. სამწუხარო ფაქტია, რომ მოქალაქეების პრობლემები ხშირად ხდება სხვადასხვა პარტიებისა თუ ორგანიზაციების პიარის თემა", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, კომისია მაქსიმალურად იცავს მოსახლეობის უფლებებსა და მათ ინტერესებს. დაუყოვნებლივ რეაგირებს მოქალაქეთა განცხადებებზე და კანონის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებთან დაკავშირებით.
"კომისია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ენერგო- და წყალმომარაგების საკითხებზე კომპანიებთან არსებული პრობლემების შემთხვევაში მომართონ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ან კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს", - აღნიშნულია განცხადებაში.