ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში 1921 წლის თებერვალში დაღუპულ იუნკერ მაკარ ბურჭულაძის საფლავი გვირგვინით შეამკო. 21 წლის ახალგაზრდა კოჯორ-ტაბახმელასთან 1921 წლის 23 თებერვალს გმირულად დაიღუპა.
"ამ პატარა, 21 წლის ბიჭმა, თავისი ჭკუითა და ნიჭით, მაშინდელ დროში, სოფელ სამებიდან სწავლა თბილისის გიმნაზიაში და შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. შემდეგ ეს ყველაფერი უყოყმანოდ მიატოვა, როდესაც საქართველოს გაუჭირდა. იბრძოლა და გმირულად დაიღუპა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის",- განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იუნკერის საფლავთან სოფელ სამების სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ბაქრაძეს სკოლისთვის ბურჭულაძის სახელის მინიჭება სთხოვეს. პარლამენტის თავმჯდომარე მათ თხოვნის შესრულებას დაჰპირდა.
დავით ბაქრაძემ დაბა ჩოხატაურში იუნკერ მაკარ ბურჭულაძის მემორიალური დაფა და მისი სახელობის ქუჩა გახსნა.
"ბურჭულაძის ისტორია სამშობლოსთვის თავდადებული ბრძოლის მაგალითია. მას არ დარჩა არც ოჯახი, არც შვილი, არც შთამომავლობა, არც სახლი. ერთადერთი, რაც დარჩა, სახელი და მისი საფლავია. ამიტომ ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, ასეთი ადამიანის სახელს მოვუფრთხილდეთ და ბედნიერი ვარ, რომ დღეს მქონდა პატივი, გამეხსნა მისი სახელობის ქუჩა", - განაცხადა ბაქრაძემ.
ბურჭულაძის ქუჩაზე ბაქრაძე მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა ბაქრაძეს მადლობა გადაუხადეს იუნკერის ხსოვნის საპატივცემულოდ გახსნილი ქუჩის გამო. პარლამენტის თავმჯდომარემ ჩოხატაურელებს 2012 წელს გურიაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. მოსახლეობამ ყურადღება, ძირითადად, სოციალურ პრობლემებზე გაამახვილა და მას ჩოხატაურის რაიონის გაზიფიცირების პრობლემის გადაჭრა სთხოვა.
ჩოხატაურის რაიონის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ოზურგეთის რაიონს ეწვია და სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის "დღის სახლი" გახსნა, სადაც ბავშვები დღის განმავლობაში განათლებას ადგილზე მიიღებენ და უზრუნველყოფილნი იქნებიან საკვებით. "დღის სახლის" აღსაზრდელები შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოსებმა დალოცა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დღეს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა შანიძე და ჩოხატაურის რაიონის მაჟორიტარი კორნელი კუკულავა იმყოფებოდნენ.