პუტინი ცდილობს დაანახოს მოსახლეობას, რომ ის არის ადამიანი, რომელიც თავის უშიშროებასა და დაზვერვაში მუშაობის გამოცდილებით ყველაზე მეტად სჭირდება რუსეთს, მით უმეტეს იმ საფრთხეების ფონზე, რომელიც, როგორც პუტინი ამბობს, მოდის შეერთებული შტატებისგან და მოდის საქართველოს გზით. ასე აფასებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას რუსეთის პრემიერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმერ პუტინის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ექპერტი კახა გოგოლაშვილი.
"პუტინი ამ განცხადებაში და ამ გამოსვლაში ნაკლებად ცდილობდა, რაიმე მესიჯი გაეგზავნა საერთაშორისო საზოგადოებისთვის. აქ არის საუბარი იმაზე, რომ პუტინმა უნდა შეინარჩუნოს და დაიმკვიდროს თავი იმ სეგმენტში მოსახლეობისა, რომელიც მისი ამომრჩეველი არის. არ უნდა დაკარგოს ხმები გარკვეული პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანებთან. მთელი მისი დისკუსი მიმართულია იმისკენ, რომ თავის თავი წარმოაჩინოს რაღაც კონკრეტულ სახედ. ეს ასეა, გნებავთ, როდესაც საქართველოზე საუბრობს და გნებავთ, შეერთებულ შტატებზე. ყველაგნ ჩანს, პუტინი ცდილობს, დაანახოს მოსახლეობას, რომ ის არის ადამიანი, რომელიც "კა-გე-ბეში" და დაზვერვაში მუშაობის გამოცდილებით ყველაზე მეტად სჭირდება რუსეთს, იმ საფრთხეების აღსაკვეთად, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მოდის შეერთებული შტატებისგან საქართველოს გზით", - განაცხადა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება პუტინის მხრიდან ქართველ ხალხზე საუბარს, გოგოლაშვილი ამას პუტინის "პიარად" აფასებს.
"საქართველოს მთავრობისგან ძალიან მკაფიო განცხადება მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო მხოლოდ მაშინ აღადგენს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას, როდესაც ეს უკანასკნელი მოახდენს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას და გაიწვევს თავის საელჩოებს ცხინვალიდან და სოხუმიდან. ვფიქრობ, პუტინმა კარგად იცის, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც საქართველოში მოვა დემოკრატიულად არჩეული გზით, ეს ხელისუფლება იმავეს მიმართავს და იგივე პოზიცია ექნება ამ საკითხის მიმართ. მედვედევისა და პუტინის მხრიდან ქართველ ხალხზე საუბარი არის გარკვეული პიარი", - აღნიშნა გოგოლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა საქართველოს შესახებ მორიგი განცხადება გუშინ, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.