მამუკა არეშიძე: ანქვაბი ადგილობრივი ჩინოვნიკური კორუმპირებული ელიტის სამიზნეა
სოხუმში არის ადგილი, რომელსაც ბრეხალოვკა ჰქვია - იქ სოხუმელები თითქმის ყოველდღე იკრიბებიან და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ამბებს არჩევენ.
"როგორც იქ ბრეხალოვკაზე ამბობენ, ის არის ყველაზე მართალი და დღეს დილით ბრეხალოვკაზე ითქვა ის, რაც მე თქვენ ახლა მოგიყევით", _ ასე დაასრულა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე მომხდარი თავდასხმის კომენტირება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
"ანქვაბი თავისი აქტიურობით უამრავ ხალხს უშლის ხელს როგორც სოხუმში ისე მოსკოვში", - აცხადებს მამუკა არეშიძე. ამასთან ერთად, არეშიძე მიიჩნევს, რომ ანქვაბზე თავდასხმის განხორციელებაში ეჭვმიტანილი უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი ჩინოვნიკური კორუმპირებული ელიტა უნდა იყოს.
"ადგილობრივი ჩინოვნიკური კორუმპირებული ელიტა - ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ხელს უშლის ალექსანდრე ანქვაბი თავისი აქტიურობით. ანქვაბმა მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გახდა ბრძოლა ზუსტად ამ ელიტას გამოუცხადა - იმ ადამიანებს ვინც კორუფციულ სქემებში სხედან რუს ჩინოვნიკებთან ერთად და მათი ამოცანაა მოსკოვიდან გამოგზავნილი ტრანშული თანხების გადანაწილება საკუთარ ჯიბეებში", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ანქვაბს ხისტი ბუნება აქვს და მოქნილი პოლიტიკური ბუნება არ გაჩნია ამიტომაც "იგი სულ ამ ხალხის სამიზნე იყო".
მამუკა არეშიძე ასევე იხსენებს, რომ პირველი რაც ანქვაბმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთა იყო ის, რომ შს სამინისტროს პროკურატურა შეუგზავნა შესამოწმებლად.
"სხვათაშორისო მინისტრი დიაპშბა გაქცეულია რუსეთში იმალება და არავინ არ ფიქრობს მის გადმოცემას. ანქვაბი თავისი აქტიურობით ხელს უშლის უამრავ ხალხს როგორც სოხუმში ისე მოსკოვში", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძე.
ამას გარდა, ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, ალექსანდრე ანქვაბს მასზე თავდასხმა გამოადგეს კიდეც, იმისათვის, რომ უფრო აქტიური ბრძოლისათვის ხელები გაეხსნას.
"სხვათაშორის ეს ის თემაა, რომელიც აწყობს ანქვაბს, იმიტომ რომ ახლა უფრო მეტად ხელი გაეხსნება. აფხაზური საზოგადოება ცოტა უცნაურია, ეს პატარა საზოგადოებაა სადაც ძალიან ძლიერია კლანური განწყობები. ადამიანები ერთის მხრივ არიან იმაზე ორიენტირებული და ამიტომაც მისცეს ხმა ანქვაბს, რომ კორუფცია აღმოიფხვრას, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ხელისუფლებაში მყოფ მათ რომელიმე კორუფციონერ ნათესავს რამე შეეხება იმ წუთში კონსოლიდირება ხდება კონკრეტული პიროვნების გარშემო და ავიწყდებათ, რომ მანამდე მათ კორუფციის აღმოფხვრა უნდოდათ",_ აცხადებს მამუკა არეშიძე და აღნიშნავს, რომ ამიტომაც, მისი აზრით, შესაძლოა, ამ უკანასკნელმა შემთხვევამ ანქვაბი უფრო მკაცრი და აქტიური გახადოს.