ძალიან ბევრი ადამიანი ჩაუდგა ვალერი გელბახიანს თავდებში და თვითონ ხელისუფლებამაც თავი აარიდა ძალიან კომიკურ და უხერხულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ რომ ჩაეყენებინა საკუთარი თავი, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ განუცხადა. გრიგოლიას თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წერტილი დაესვა იმაზე ლაპარაკს, რომ გელბახიანი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა.
"არანაირი ფაქტებით არ დასტურდებოდა, რომ ვალერი გელბახიანი მონაწილეობას იღებდა რაიმე ტიპის სახელმწიფო გადატრიალებაში. ჩემთვის ამ გადატრიალებაზე საუბარი ამ სასამართლო პროცესზე დასრულდა. საქმე იყო იმდენად აბსურდული, რომ უკვე აზრი იმის მტკიცებას, რომ ეს კაცი აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას უაზრობამდე მივიდა. არავინ დაიჯერებს, რომ მაშინ მართალი იყო ის რასაც პროკურატურა ავრცელებდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გრიგოლიამ, რომელიც გელბახიანის სასამართლო პროცესს საქალაქო სასამართლოში თავად ესწრებოდა.
მისი თქმით, ბევრი პოლიტიკური პარტია უცხადებდა მხარდაჭერას გელბახიანს და რომ არ გაეთავისუფლებინათ ძალიან დიდი პოლიტიკური სკანდალი იქნებოდა.
"დღევანდელი პროცესით საბოლოოდ დაესვა წერტილი ხელისუფლების ბოდვას, რომ ვინმე აწყობდა მაშინ სახელმწიფო გადატრიალებას. არანაირი იურიდული დადასტურება არ არსებობდა იმისი, რომ გელბახიანი გადატრიალებას აწყობდა. პროკურატურა ეწინააღმდეგებოდა მის გათავისუფლებას იმ არგუმენტებით, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება და გელბახიანი 4 წელი ემალებოდა გამოძიებას. ყველაზე მაგარი იურისტი ამ ქვეყანაში თუ ვინმეა თვითონ გელბახიანი იყო თავის დროზე და ძალიან კარგად იცოდა მან, რომ მას აუცილებლად დააპატიმრებდნენ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გრიგოლიამ და აღნიშნა, რომ გელბახიანის გათავისუფლებაში ძალიან დიდ წვლილი ითამაშეს პოლიტიკურმა პარტიებმა.
ვალერი გელბახიანი სასამართლო დარბაზიდან დღეს გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი შონიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა ვალერი გელბახიანის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ადვოკატი ითხოვდა გირაოს სახით 30 000 ლარის შეფარდებას, თუმცა მოსამართლემ გირაოს თანხა 50 000 ლარით განსაზღვრა. გელბახიანი ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე 20 თებერვალს დააკავეს. საქართველოს შსს-ის ინფორმაციით, ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. დღეს კი, ვალერი გელბახიანი დაკავებულ იქნა სომხეთ-საქრთველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს".
"საქემეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული - შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. კერძოდ: ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა, შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება.