"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერ დავით უსუფაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" უპირისპირდება დამარცხებულ ხელისუფლებას და ეს დიდი პრობლემაა.
"ჩვენ გვაქვს ერთი დიდი პრობლემა. ჩვენ ვუპირისპირდებით უკვე დამარცხებულ ხელისუფლებას. ერთმა ქართველმა დედამ, ირინა ენუქიძემ დაამარცხა ეს ხელისუფლება. ყველაზე სახიფათო სწორედ დამარცხებულ ხელისუფლებასთან ურთიერთობაა, რადგან მათ დასაკარგი საკუთარი თავის გარდა როგორც ჩანს აღარაფერი დარჩათ. დაკარგეს ავტორიტეტი, ნდობა, მორალური უფლება იყვნენ ამ ქვეყნის მმართველები. დამარცხებულ ხელისუფლებასთან ურთიერთობა არის ძალიან სერიოზულად, ძალიან ჭკუით, დიდი სიბრძნით გასააზრებელი ქმედება. ჩვენ უნდა გვეყოს პრინციპულობა, შემართება, სიბრძნე, ქვეყნის სიყვარული და ყველა იმ თემის და საკითხის გადაწყვეტა და მოგვარება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას სჭირდება. დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი ამ არჩევნებში გაიმარჯვებს და ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ", - განაცხადა უსუფაშვილმა სასტუმრო "რადისონში" კოალიციის პრეზენტაციისას.
მისი თქმით, კოალიცია ქართველი ხალხის ოცნებას ეხმიანება.
"ჩვენ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვპირდებით სწორედ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელმაც გაგვაერთიანა ჩვენ. საქართველოში საარჩევნო დემოკრატია უნდა დამკვიდრდეს და უზენაესი განმსჯელი უნდა იყოს ქართველი ხალხი და არა პოლიტიკოსები და სხვადასხვა ბერკეტებით შეიარაღებული ადამიანები. ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ტრადიცია, რომ ყოველი არჩევნებისას ქართველმა ხალხმა გადაწვიტოს ვინ დარჩეს ხელისუფლებაში, ვინ წავიდეს და ვინ რა დოზით და რა ხარისხით იყოს წარმოდგენილი თვითმართველობის თუ ცენტრალური მართვის ორგანოებში. ჩვენ დავამაკვიდრებთ თვითმართველობას და ამას ვპირდებით ქართველ ხალხს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.