რადიო თავისუფლების მიმომხილველი ბრაიან ვაითმორი წერს, რომ ირანის კონფლიქტი კავკასიისკენ მოდის. ვაითმორი იხსენებს საქართველოსა და აზერბაიჯანში მომხდარ ინციდენტებს, რომლის ირანს დაუკავშირა ისრაელმა.
საქართველოში 13 თებერვალს ისრაელის საელჩოსთან ქართველმა სამართალდამცველებმა ტერაქტი აღკვეთეს, აზერბაიჯანში კი პირველ ინციდენტს ადგილი ჰქონდა იანვრის ბოლოს. სტატიის ავტორის ინფორმაციით, მაშინ აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ჩაშალეს ირანელთა შეთქმულება, რომლის მიზანი იყო ისრაელის ელჩის, ადგილობრივი რაბინისა და ქვეყნის სხვა ცნობილი ებრაელების მკვლელობა. პოლიციამ შეთქმულებასთან კავშირის გამო აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა.
"ირანმა ამ ინციდენტებში თავისი მონაწილეობის ფაქტი უარყო. მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, ორივე შემთხვევა იმის ილუსტრაციაა, თუ როგორ ემუქრებათ საქართველოსა და აზერბაიჯანს, ირანთან მათი მეზობლობისა და შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ახლო ურთიერთობების გამო, იმ კონფლიქტში ჩათრევის რისკი, რომელიც სულ უფრო მწვავდება, ერთის მხრივ, თეირანსა და მეორეს მხრივ, ისრაელსა და დასავლეთს შორის", - წერს ვაითმორი სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩაშლილი აფეთქებები, ისევე, როგორც ბოლოდროინდელი შეტევები ინდოეთსა და ტაილანდში, დაემთხვა ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ესკალაციას, რომელიც თეირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება.
"ეს ფაქტები დაემთხვა იმასაც, რომ სულ უფრო ხშირად ისმის ხმები შეერთებული შტატებისა და ისრაელის შესაძლო სამხედრო შეტევის შესახებ. ხმებმა შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ, კავკასიის რეგიონზე საპასუხო თავდასხმის შიში გააჩინა", - აღნიშნულია სტატიაში.
ბესიკ ალადაშვილი, თბილისელი სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ თუ სამხედრო მოქმედებანი დაიწყო, საქართველო უფრო მოწყვლადი გახდება ზემოთ ნახსენები ინციდენტის ტიპის შეტევებისთვის.
ვაითმორის აზრით, ირანსა და დასავლეთს შორის იარაღის ჟღარუნი დაემთხვა კონფლიქტს ბაქოსა და თეირანს შორის, რომელიც, ალბათ, სწორედ ამ დამთხვევის გამო ჯერჯერობით დაბალი ინტენსივობისაა. ეს კი აზერბაიჯანის მოწყვლადობას ზრდის.
"პრობლემა დიდწილად სათავეს ბაქოსა და თელავივს შორის მჭიდრო ურთიერთობებიდან იღებს სათავეს", - აღნიშნულია სტატიაში.