აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება აფხაზეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას უცხოელი ინვესტორების, მათ შორის თურქეთის ხარჯზე აპირებს. აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, სახელმწიფო სახსრები მხოლოდ და მხოლოდ აეროპორტისა და რუსეთთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუქნტების რაოდენობის გაზრდისთვისაა საკმარისი.
2010 წლის აფხაზეთის საკურორტო გეგმებზე საუბრისას შამბა აცხადებს, რომ აფხაზეთის ბიუჯეტის შემოსავლის ძირითადი ნაწილი ტურიზმია და ამიტომაც აფხაზეთი მის განვითარებას მომავალი ძალიან სერიოზულად აპირებს.
შამბას თქმით, პირველი, რაც 2010 წელს გაკეთდება, "რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე ტურისტების გატარების გასაზრდელად ახალი ხიდის აგება იქნება".
"აფხაზეთს თავის დროზე მრავალი დასასვენებელი ობიექტი ჰქონდა, მაგრამ ომმა ისინი დააზიანა. ახალი ობიექტების ასაშენებლად და ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად საჭიროა ინვესტიციები", _ აცხადებს შამბა და დასძენს, რომ მართალია აფხაზეთში არის ახალი სასტუმროები, მაგრამ მათ კერძო ბიზნესი აშენებს და სახელმწიფო ამ მშენებლობებში ფულს არ დებს.
"2010 წელს გვაქვს გეგმები სოხუმთან ახლოს აეროპორტის აღდგენის შესახებ. ადრე აეროპორტი პოლიტიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა. ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ კი ამ საკითხზე აქტიური მუშაობა შეიძლება", _ აცხადებს შამბა და დასძენს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსულ და თურქულ კომპანიებს უკვე წარმოდგენილი აქვთ წინადადებები და აფხაზეთში ამ წინადადებების განხილვა მიმდინარეობს.
"აფხაზეთში გეგმავს ჩამოსვლას რუსეთის დელეგაცია. უმაღლეს დონეზე ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას. ასევე განვიხილავთ სარკინიგზო მიმოსვლის საკითხს. მართალია, ჯერჯერობით ციფრებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ როდესაც აფხაზეთში რუსული დელეგაცია ჩამოვა მთავრობის ვიცე-პრემიერ სერგეი ივანოვის ხელმძღვანელობით, უკვე ამ პროექტების კონკრეტულ განხილვას დავიწყებთ", _ აცხადებს შამბა.