სასამართლო არჩევნების თარიღზე ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორსაც სააკაშვილი გადაწყვეტს , ამის შესაცებ ნინო ბურჯანაძემ გაზეთ "პრაიმ თაიმის" პრეს-კლუბში განაცხადა. მისიე თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების თამაშს თამაშობს.
"საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარების თემაზე არაერთხელ გვითქვამს, რომ არჩევნები ჩატარდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ჩათვლის, რომ შეძლებს, გამარჯვება უპრობლემოდ გაიფორმოს. აქ არაფერ შუაშია არც სარჩელი, არც ის გადაწყვეტილება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. მე დიდად თავს არც მაგის მარჩიელობაზე შევიწუხებდი, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორსაც მიხეილ სააკაშვილი მოისურვებს. სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებასთან შეხმატკბილებულად თამაშობს. თუ ასეთი სარჩელის შეტანის სურვილი ჰქონდათ, შესაძლებელი იყო, ასეთი სარჩელი უფრო ადრე შესულიყო და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონოდა. ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ ეს ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, "თუ ამ ეტაპზე ვინმე მზად იქნება არჩევნებისთვის, ეს მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობაა".
ამასთან, ბურჯანაძის ინფორმაციით, "რაიონული ორგანიზაციები თითქმის ყველა რეგიონში გახსნილი აქვს "სახალხო კრებას", "ნაციონალურ მოძრაობას", ამ თვალსაზრისით მომზადებეულები არიან ასევე "ქრისტიან-დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი", ახალი პოლიტიკური ძალა კი ის მომზადებას ვერ მოასწრებს".
"ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 44 რაიონული ორგანიზაცია აქვს. ერთი წამითაც არ ვუშვებ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეგნებული ტყუილი თქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კომენტარს არ გავაკეთებდი. ვფიქრობ, ის თავისი გარემოცვის მხრიდან დაჯერებულია, რომ 44 რაიონული ორგანიზაცია აქვს შექმნილი და ისინი უკვე ფუნქციონირებს. მე დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ ასე არ არის", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ "თუ ოპოზიციას სურს, არჩევნებზე მინიმალური შედეგი დადოს, ძალიან სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი, ვინაიდან "ექსვიანის" წყალობით ახლა უფრო უსამართლო საარჩევნო გარემოა შექმნილი, ვიდრე ერთი წლის წინ იყო".
"ამ ვითარებაში "ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვების გაფორმებას შეძლებს. ეს არ არის ობიექტური გამარჯვება, მაგრამ ფორმალურად ასე გაფორმდება. იმას არ ვუშვებ, რომ "ნაცმოძრაობამ" 80%-ით გაიმარჯვოს, თუმცა რომ მოინდომოს, ამასაც გააკეთებს. რა თქმა უნდა, ისინი ციფრებს გადაანაწილებენ ისე, რომ პარლამენტში რამდენიმე პარტია იყოს წარმოდგენილი, თუმცა მათი უმრავლესობა ხელისუფლების გავლენის ქვეშ იქნება. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს აბსოლუტური უმრავლესობა ექნება. ესაა შედეგი, რაც დადგება იმ შემთხვევაში, თუ პოზიცია დღეს მაინც არ გამოფხიზლდება", - განაცხადა ბურჯანაძემ.