როგორც გაზაფხულის მოსვლა შეუძლებელია ვინმემ დააკავოს, ასევე ამ გუნდის ხელისუფლებაში მოსვლა შეუძლებელია ვინმემ შეაჩეროს. ამის შესახებ მსახიობმა და პარტია "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრმა ნინელი ჭანკვეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" მთავარი იარაღი წესიერება და ღირსებაა.
"დღეს ჩვენ ვდგავართ გზაჯვარედინზე და შეგვიძლია ავირჩიოთ გზა, როდესაც ნამდვილად შეიძლება, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ნამდვილად წესიერი, ღირსეული ადამიანები, რომლებსაც არაფრის არ ეშინიათ და რაც მთავარია, უყვართ თავიაანთი ქვეყანა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს მძლავრი იარაღი აქვს და ეს იარაღი საბედნიეროდ ფულზე არ იყიდება. ეს იარაღი არის წესიერება, ღირსება და რაც მთავარია საქმის უანგაროდ კეთება", - განაცხადა ჭანკვეტაძემ.
მისი მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლით დაანგრია მითი იმისა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა.
"ბიძინა ივანიშვილმა თავისი შემოსვლით პოლიტიკაში დაამსხვრია მითი, რომელიც მრავალი წლებია არსებობდა და ჩვენ გვჯეროდა ამ მითისა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და მხოლოდ უზნეო ადამიანები არიან პოლიტიკაში და ხელისუფლებაში. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის გარშემო დარაზმული ადამიანების მეშვეობით, ეს მითი საბოლოოდ დაიმსხვრევა", - აღნიშნა ჭანკვეტაძემ.