"ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრის, ელისო ჩაფიძის განცხადებით, პოლიტიკაში წასვლა მას ხელისუფლებამ აიძულა. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ძალიან დიდი პროტესტი ჰქონდა იმ ქმედებების გამო, რასაც ხელისიფლება ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტების მიმართ ახორციელებს.
"ეს ეხება ადამიანების დაპატიმრებას და მედიის თავისუფლების შეზღუდვას. გულახდილად რომ ვთქვა, მე კი არ წავედი პოლიტიკაში, ხელისუფლება შემომივარდა სახლში და რედაქციაში, გამომდევნა იქიდან და უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა. აქ დავინახე ის ძალა, რომელსაც შემიძლია დავეხმარო და გვერდში დავუდგე. ვცდილობ გავაკეთო ქვეყნისთვის უკეთესი რამ, ვიდრე აქამდე ვაკეთებდი. პოლიტიკაში ჩემი წასვლა სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა და მეტი მოტივაცია ნამდვილად არ გამაჩნია. არც საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მქონია ლაპარაკი და არც ხელფასთან დაკავშირებით. მეტს არაფერს ვაკეთებ გარდა იმისა, რომ მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო და ვიყო უფრო აქტიური", - განაცხადა ჩაფიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" ის მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით იმუშავებს.
"მე ვიმუშავებ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. იცით, რომ კანონპროექტები გვაქვს მომზადებული. რომლის ნაწილიც შეტანილია უკვე პარლამენტში, რომ გაუმჯობესდეს ქართული მედიაგარემო. მეორე მიმართულება ეს არის ადამიანის უფლებები, რომელზეც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი. ჩემი ცხოვრების ნახევარი სასამართლოებში და ციხეებში მაქვს გატარებული. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ჩემთვის უცხო სფერო. საბედნიეროდ საინიციატივო ჯგუფში ძალიან ბევრი უფლებადამცველი გვყავს. ჩვენ შევძლებთ იმ ადამიანების უფლებების დაცვას, რომლებიც დღეს უსამართლოდ იჩაგრებიან", - აღნიშნა ჩაფიძემ.
მისივე თქმით, ის საერთოდ აღარ აპირებს ჟურნალისტიკაში დაბრუნებას.
"ბუნებრივია, "რეზონანსში" მუშაობას ვეღარ გავაგრძელებ. საერთოდ აღარ ვაპირებ ჟურნალისტიკაში დაბრუნებას მას შემდეგ, რაც წამოვალ გაზეთიდან. მე, ჟურნალისტ ელისო ჩაფიძეს აღარ მაქვს ობიექტურობაზე ლაპარაკი. თუ პოლიტიკაში წარმატებას მივაღწევ და ქვეყანა ძალიან კარგ მდგომარეობაში იქნება, ჩემს მეორე ოცნებას ავისრულებ და რაღაცეებს დავწერ, რისი დაწერაც დიდი ხანია მინდა", - აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.