"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი და "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება შეიცვალოს, აუცილებელია ერთობა.
"სახალხო კრებამ არაერთგზის გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა იმ ძალასთან, იმ ადამიანთან, რომელსაც რეალურად უნდა სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა და ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დამყარება, სახალო კრება მზად არის თანამშრომლობისთვის. მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა შეიცვალოს, აუცილებელია, რომ შედგეს ძალიან სერიოზული ერთობა იმისთვის, რომ მიღწეული იქნას ხელისუფლების შეცვლა. ერთობა არ ნიშნავს საპარლამენტო სიებში ადგილების განაწილებაზე ვინმესთვის კონკურენციის გაწევას. ყველას შეუძლია მშვიდად იყოს. სახალხო კრება და ყველა ის ძალა, რომელიც სახალხო კრებაშია, ვლაპარაკობთ იმ ერთობაზე, რომლის გაერთიანებაც, რომლის ძალისხმევაც, რომლის ქმედებებიც შესაძლებელს გახდის ამ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, რეჟიმის შეცვლის შემდეგ კი ყველა პოლიტიკოსი თავად გადაწყვეტს თუ სად იყოს, რომელ გაერთიანებაში ან ვის მისცეს ხმა.