ჩვენ უნდა გამოვნახოთ ის აუცილებელი გზა რომლითაც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას საქართველოში არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამავე დროს ხელს არ შევუშლით ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დაუპირისპირდა ხელისუფლებას, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას სახალხო კრების ლიდერმა ნონა გაფრინდაშვილმა გააკეთა.
"სახალხო კრება განაგრძობს მუშაობას ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს რეჟიმი აგრძელებს უარყოფით საქმიანობას. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, იგი არის ძალიან რეიტინგული საზოგადოებისთვის, ნდობის ფაქტორი ძალიან დიდია. ჩვენ სახალხო კრება მივესალმებით მის მოსვლას პოლიტიკაში. ჩვენ გვინდა რომ ის რა მიზნებიც მას აქვს მივიდეს გამარჯვებამდე, მაგრამ ის ქმედებები რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს მიგვანიშნებს რომ ჩვენ ვერ ვიქნებით გულხელდაკრეფილები და შორიდან ვერ შევხედავთ პროცესებს. ჩვენ უნდა გამოვნახოთ ის აუცილებელი გზა, რომლითაც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამავე დროს ხელს არ შევუშლით იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ბიძია ივანიშვილისა და კოალიციის სახით დაუპირისპირდა ხელისუფლებას", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვას მოხდება თუ არა ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას გარეშე სახალხო კრებისა და ქართული ოცნების თანამშრომლობა, გაფრინდაშვილმა უპასუხა, რომ ბურჯანაძე, კუკავა და თემურ შაშიაშვილი არიან სახალხო კრების წევრები და არ არსებობს კრებისაგან მათი განცალკევება.
"ბურჯანაძეს, კუკავასა და შაშიაშვილს სრულებით არ აქვთ იდეაფიქსი რომ აუცილებლად უნდა მოხვდნენ კოალიციაში", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
სახალხო კრების ლიდერი ასევე გამორიცხავს მესამე პოლუსის შექმნასაც და აცხადებს, რომ სახალხო კრება არავის ებრძვის.
"პირიქით ჩვენ ვართ იქ სადაც უნდა იყოს ყველა ის ძალა, ვისაც უნდა ამ ხელისუფლების შეცვლა. თუ ვინმეს ჩვენი დახმარება დასჭირდება რეჟიმის მოცილების საქმეში ჩვენ იქ დავდგებით", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.