სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიიდან ლენინგორის (ახალგორის რედ.) რაიონში რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესები არ შეუცვლია. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების ლიდერის ედუარდ კოკოითის რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, ბორის ჩოჩიევმა განაცხადა.
"სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას არ მიუღია არავითარი გადაწყვეტილება ლენინგორის რაიონში საზღვრის გადაკვეთისას ქართული პასპორტების აკრძალვის თაობაზე", - აცხადებს ჩოჩიევი.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ დაუწესებია.
"როგორადაც არ უნდა იოცნებოს საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენ ვქმნით ყველა სახის პირობებს ამ რაიონის მოსახლეობისთვის, რაც რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების გეგმებს, რომელბმაც 2008 წლის აგრესიის შედეგ ამ რაიონის მოსახლეობისთვის აუტანელი პირობები შექმნეს", - აცხადებს ჩოჩიევი.
სეპარატისტების ლიდერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში ახალგორის მოსახლეობას ქართულმა მხარემ შეუწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება.
"ასევე, ელექტროენერგიის მიწოდებაში იყო მუდმივი შეფერხებები. მაგრამ მიმდინარე ზამთარში მიღწეულია მთავარი შედეგი _ რაიონი უზრუნველყოფილია რუსეთიდან მოწოდებული ელექტროენერგიით", - აცხადებს ჩოჩიევი და დასძენს, რომ " ამჟამად განიხილება საკითხი ლენინგორის რაიონისთვის რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ".
უნდა აღინიშნოს, რომ რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას მკითხველს აწვდის შემდეგ ინფორმაციას _ "სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონის ნაწილი, სადაც მეტწილად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, მრავალი წლის განმავლობაში ოკუპირებული იყო ქართული მხარის მიერ".
"2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ ლენინგორის რაიონის მოსახლეობას ნება დართო საქართველოსთან საზღვარი გამარტივებული რეჟიმით, ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით გადაეკვეთა", _ წერს რუსული მედია.