თბილისში ჯაზმუსიკის სერია იწყება, სადაც ოთხი სხვადასხვა სტილის მუსიკოსი კონცერტს გამართავს. როგორც "ისტერნ პრომოუშენის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კახა კანდელაკმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ჯაზსერია 19 თებერვალს დაიწყება და აპრილამდე გაგრძელდება.
"ჯაზსერიაში ისეთი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან საქსაფონისტი ჯოშუა რედმანი ტრიოსთან ერთად, ვოკალისტ ჯონ პიზარელის კვარტეტი, ფრედ ვესლი და The new JB Horns-ი. ისინი საქართველოს შეიძლება სულაც არ იცნობენ, მაგრამ ჩვენი წარმატებული ორგანიზებით, მაინც დათანხმდენ ჩამოსვლაზე. ქართველი მსმენელი 4 თვის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა სტილის მუსიკოსს გაეცნობა", - განაცხადა კანდელაკმა.
თბილისში ჯაზსერიის დასრულების შემდეგ "ისტერნ პრომოუშენის" შემოქმედებითი ჯგუფი ახალ სტუმრებთან ერთად ბათუმში გადაინაცვლებს, სადაც 17-22 ივლისის ჩათვლით ბათუმის ჯაზფესტივალი გაიმართება.