საქართველოში ელტონ ჯონი აღარ ჩამოვა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ისტერნ პრომოუშენის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა განუცხადა.
"საქართველოში ელტონ ჯონი აღარ ჩამოვა, რადგან სპონსორებმა თანხა არ გამოყვეს. კულტურის სამინისტრო კი ვეღარ შევაწუხეთ 20-ათასკაციანი დარბაზის გამოყოფისთვის, რომ მოსახლეობა დატეულიყო. თანაც დიდ დარბაზში ელტონ ჯონის პროდიუსერმა უარი განაცხადა. ჩვენს საზოგადოებას ურჩევნია ორ მანქანაში იჯდეს და კულტურულ საღამოზე არ წავიდეს. სამწუხაროდ, ფინანსებმა გადაწყვიტა ის, რომ საქართველოში იმხელა რანგის მუსიკოსი ვეღარ ჩამოვა, როგორიც ელტონ ჯონია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" კანდელაკმა.
ინფორმაცია, რომ ელტონ ჯონი ბათუმის პიაცაზე კონცერტს გამართავდა, "ისტერნ პრომოუშენის" დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა მუსიკოსის მენეჯერთან კონტაქტის შემდეგ, საახალწლოდ გაავრცელა.
"ელტონ ჯონის მენეჯმენტმა სურვილი გამოხატა ჩვენთან ჩამოსულიყვნენ და ბათუმში მომღერლის ერთ-ერთი პროექტი "სოლო-პიანო" წარადგინონ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპონსორების მოძიება, იმიტომ რომ ელტონ ჯონის ჩამოყვანა თანხებთან არის დაკავშირებული. ის ყველგან საკუთარი როიალით დადის, ასევე უნდა უზრუნველყოთ ტექნიკური მომენტებით. თუ ეს ფინანსური მხარე მოვაგვარეთ, მაშინ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ მუსიკოსი ბათუმში პიაცაზე კონცერტს გამართავს", - განუცხადა ერთი თვის წინ "ჯი-ეიჩ-ენს" კანდელაკმა.
გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი და ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ/როკ მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი ელტონ ჯონის ვიზიტი საქართველოში 17 ივნისს იყო დაგეგმილი.