ხვალ, 10 თებერვალს, ლიტერატურულ კონკურს "საბაზე" წიგნების წარდგენის ვადა იწურება.
თიბისი ბანკმა 17 იანვარს ოფიციალურად გამოაცხადა ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურს "საბაზე" განაცხადების მიღება. "საბას" რიგით მე-10 დაჯილდოება 2012 წლის ზაფხულში გაიმართება და მასზე მოხდება გასული, 2011 წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების დასახელება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატარებმა აცნობეს, კონკურსის პირველი ეტაპი საკონკურსო წიგნების წარდგენას გულისხმობდა, რომლის ვადაც 10 თებერვლამდე იყო. ამის შემდეგ მუშაობას შეუდგება 5-კაციანი ჟიური, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაეცნობა და შეაფასებს 2011 წლის ლიტერატურულ პროდუქციას.
2011 წელს გამოცემული წიგნების პრემიაზე წარდგენა შეუძლიათ როგორც გამომცემლობებს, ისე უშუალოდ წიგნის ავტორებს. "საბაზე" განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები.
ტრადიციულად, ლიტერატურული პრემია "საბა" გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
1. წლის საუკეთესო რომანი,
2. წლის საუკეთესო პოეტური კრებული,
3. წლის საუკეთესო პროზაული კრებული,
4. წლის საუკეთესო თარგმანი,
5. წლის საუკეთესო პიესა,
6. წლის საუკეთესო კრიტიკა,
7. წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა,
8. წლის საუკეთესო დებიუტი,
9. პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი 40 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.
ჟიურის შემადგენლობა მუდმივი არ არის. მასში შედიან ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება.
ყოველწლიურ ლიტერატურულ პრემია "საბას" დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი, ტელეკომპანია "რუსთავი-2" და პენ-ცენტრი. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.