კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრი დიდ ბრიტანეთში, ლონდონში შექსპირის ფესტივალზეა ("მსოფლიო გლობუსში") მიწვეული. ფესტივალი ლონდონში ოლიმპიური თამაშებს ეძღვნება და პირველად ტარდება. "გლობუსის" სცენაზე შექსპირის 37 პიესას 37 ქვეყანა საკუთარ ენაზე ითამაშებს. 18 და 19 მაისს მარჯანიშვილის თეატრის დასი წარმოადგენს პიესას "როგორც გენებოთ", რომლის დამდგმელი რეჟისორია ლევან წულაძე.
ფესტივალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო თეატრალური მოვლენაა. შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტია, რომლის ანალოგიც მსოფლიო თეატრის ისტორიას არ ახსოვს.
ლონდონი ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მულტიკულტურული ქალაქი გახდა, აქედან გამომდინარე, ბრიტანული მედია დიდ ყურადღებას იჩენს პროექტის მიმართ და აქედანვე ამზადებს ლონდონის მაყურებელს, დიასპორის წარმომადგენლებს და ქალაქის სტუმრებს თეატრალური ზეიმისთვის.
ექვსი კვირის განმავლობაში ფესტივალს ექვსასზე მეტი მსახიობი ეწვევა. "მსოფლიო გლობუსში" უკვე მოექცა ბრიტანეთის და მსოფლიო წამყვანი მედია საშუალებების ყურადღების ცენტრში და თეატრალური კულტურის მნიშვნელოვან მონაპოვრად იქცა.