"საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის შეთავაზებული ე.წ. ნეიტრალური პასპორტები სინამდვილეში ნეიტრალური სულაც არ არის", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"საქართველოზე მითითება გრაფაში "სახელმწიფო კოდი" ხდება, ხოლო პასპორტის გამცემ ორგანოდ საქართველოს შს სამინისტროა მითითებული. ასე რომ ამ დოკუმენტებზე საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლიკის არარსებობა მხოლოდ ფანდია, მათ მოსატყუებლად, ვისთვისაც თბილისის აზრით ეს დოკუმენტებია განკუთვნილი ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ის ფაქტი, "რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთ არაღირსეულ საქციელს მიმართავს თავისთავად უკვე ძალიან ნიშანდობლივია".
"იგი კარგად ადასტურებს იმას, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ არჩევანი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ გააკეთა და მას არ სურს არავითარი საერთო ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფოსთან. მეორე არის ის, რომ ჩვენ ვრწმუნდებით ამ პოლიტიკის წამგებიანობაში, რომლის მიზანია აფხაზები და ოსები კვლავ საქართველოში დააბრუნოს",_ წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მათივე განცხადების მიხედვით, "რესპუბლიკების მრავალწლიანი ბლოკადისა და მათზე განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმის მიუხედავად 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს თავიანთი გეგმების განხორციელება. ამჟამად კი მათი მთავარი გათვლა გაკეთებულია სიცრუეზე და სხვა და სხვა სიკეთის დაპირებაზე. კარგად თუ გავერკვევით, სწორედ ამაში მდგომარეობს ე.წ. ჩართულობის არსი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის".
"ამასთან დაკავშირებით, სრულიად კანონზომიერია სოხუმისა და ცხინვალის ნეგატიური რეაქცია თბილსის "პასპორტულ" წამოწყებაზე, თან მოსახლეობაშიც კი ეს პასპორტები დიდი ინტერესით არ სარგებლობს. თავად საქართველოს ხელისუფლების მონაცემებითაც კი სულ რამდენიმე ათეული ასეთი პასპორტია დარიგებული", _ იუწყება სერგეი ლავროვის უწყება და აღნიშმავს, რომ სწორედ ახლა, დროულია იმის გახსენება, რომ "თავის დროზე, მანამ ვიდრე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას მოიპოვებდნენ განიხილებოდა საკითხი ამ რესპუბლიკების მაცხოვრებლებისათვის მართლაც ნეიტრალური პასპორტების დარიგებისა სხვა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მაგრამ მაშინ სწორედ საქართველომ დაბლოკა ეს შესაძლებლობა და ამით მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამ რესპუბლიკების მაცხოვრებლების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნას".