ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის პოლიტიკურ მხარდამჭერებს შორის ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობაა. ივანიშვილი კმაყოფილებას გამოთქვამს ყველა იმ პარტიით, რომელთანაც მან მოახერხა ურთიერთობის დამყარება.
"ჩვენთან არის "რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები", ძიძიგური და დავითაშვილი. ჩვენ ძალიან მეგობრული კოლექტივი შევქმენით. ჩვენ და პირადად მე მოვახერხე აბსოლუტური სინქრონიზაცია და ჰარმონია ისეთ ორ დიდ პარტიას შორის, როგორიც არის "თავისუფალ დემოკრატები" და "რესპუბლიკელები". ორივე პარტიის წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს მეგობრულ ურთიერთობაშია. გარედან ცდილობენ ჩვენი ოპონენტები და ჟურნალისტები რომ ეს ასე არ არის, მაგრამ გარწმუნებთ რომ ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან", - განაცხადა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, "ეროვნულ ფორუმთანაც" ისეთივე ურთიერთობა დამყარდება, როგორიც ამჟამად აქვთ გუნდის წევრებს ერთმანეთთან.
"მე ძალიან კარგად ვიცი ხალხის შერჩევა. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა პარტიით, რომელთანაც მოვახერხეთ ურთიერთობის დამყარება", - განაცხადა ივანიშვილმა.