საქართველოსთვის საფრთხე რეალურად არის პუტინი და ის გენერალიტეტი, რომელიც რუსეთს მართავს და არა მედვედევი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ეს არ არის პირველი განცხადება და პირველი ქმედება და მათ ოკუპაციის პირობებში ცხინვალიც და აფხაზეთიც სამხედრო პლაცდარმად გახადეს.
"რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის არის საფრთხე და ეს საფრთხე მატულობს, როცა ოკუპანტი მხარის პრეზიდენტი საჯაროდ ასეთი ტექსტებით გამოდის. თუმცა, საბედნიეროდ საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადოდ არის მობილიზებული, რომ რუსეთს მიუთითოს თავისი ადგილი და ეს უფრო ინტენსიურად ხდება", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
უმრავლესობის წევრის შეფასებით, ეს არის გაგრძელება შეხსენებებისა, რომ საფრთხე არსებობს.
"მედვედევის პირიდან ამის გაჟღერება ცოტა პაროდიულად გამოიყურება, რადგან მისი ჰაბიტუსი, წარსული და დღევანდელობა ერთმანეთს არ შეესაბამება და ის იმეორებს იმას რასაც ეუბნებიან. საფრთხე რეალურად არის პუტინი და ის გენერალიტეტი, რომელიც რუსეთს მართავს. მედვედევი მათი მარიონეტია და ეს რუსეთშიც საიდუმლო არავისთვის არ არის, მითუმეტეს საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
ამასთან, დეპუტატის შეფასებით, ევროპარლამენტის თუ კონგრესის რეზოლუციებს ბოლო დროს მიუნხენის კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებიც დაემატა, სადაც აღინიშნა რამდენად არაადეკვატურია რუსეთის როლი და ქმედება საერთაშორისო პოლიტიკაში.
"იმედია, რომ რუსული საზოგადოება ადრე თუ გვიან ამ არანორმალურ რეჟიმს დაამთავრებს, რომელიც არც საკუთარ და არც საერთაშორისო საზოგადოებას კარგს არაფერს არ უქადის", - მიაჩნია უმრავლესობის წევრს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საკუთარ მომხრეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზებს ნებისმიერი აგრესორისთვის "არათანაზომიერი ზარალის" მიყენება შეუძლია .
"ახლა ბაზები ისეთ მდგომარეობაშია, რომ შეუძლია, ძალიან ძლიერად დაიცვან ამ ორი პატარა სახელმწიფოს და, შესაბამისად, რუსეთის ინტერესები. ის საკმარისი სხვადასხვაგვარი შეიარაღებაა, რომელსაც შეუძლია არათანაზომიერი ზარალი მიაყენოს ნებისმიერ აგრესორს და მათ ეს ესმით, თავად შეშლილ სააკაშვილსაც კი ესმის", - განაცხადა მედვედევმა.