ე.წ. სამხრეთ ოსეთის "თავდაცვის მინისტრი" ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე იმ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების განლაგებას უარყობს, რომელიც იქ ჯერ კიდევ 2010 წელს განლაგდა.
საზენიტო-სარაკეტო სისტემა "ს-300" ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ არის, მაგრამ რესპუბლიკის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა საიმედოდაა დაცული. განცხადება ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრმა ვალერი იაჰოვეცვა გააკეთა. ეს განცხადება მან ქართული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე ირწმუნებოდა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებია განლაგებული.
"საშუალო რადიუსის საზენიტო-სარაკეტო სისტემა "ს-300" სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ არის. ამის საჭიროება არ არსებობს", _ აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი და აღნიშმნავს, რომ ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში არის ყველა აუცილებელი საშუალება და შესაძლებლობა "იმისათვის რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაცული იყოს".
აღსანიშნავია, რომ ამ საზენიტო-სარაკეტო სისტემის არსებობას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2010 წელს სეპარატისტული მთავრობების წარმომადგენლები და რუსი სამხედროები თავად ადასტურებდნენ.
კერძოდ, 2010 წლის 12 აგვისტოს სეპარატისტული აფხაზეთის მაშინდელი ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა ადასტურებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სარაკეტო კომპლექსი "ს-300" განათავსეს და აცხადებდა, რომ აღნიშნული კომპლექსი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში განთავსდა.
"ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი "ს-300" აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია. ეს თავდაცვითი კომპლექსი თავს არავის ესხმის. იგი ჩვენს საზღვრებს იცავს, როგორც დაგვპირდნენ. ეს კომპლექსი მაშინ განთავსდა, როდესაც თავდაცვის სისტემას ათავსებდნენ", _ აცხადებდა სერგეი შამბა.
თავის მხრივ, სეპარატისტული აფხაზეთის ასევე მაშინდელი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია აცხადებდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ კომპლექსის განთავსება არ ეწინააღმდეგება სოხუმსა და მოსკოვს შორის გამოფორმებული სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს.
გარდა ამისა, 2010 წლის 9 აგვისტოს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ზელინმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში არსებული რუსეთის საერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები "ს-300" და საერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები ჩამოაგდებენ ყველა იმ საფრენ აპარატს, რომლებიც აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.
"საერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების ამოცანა მხოლოდ ის კი არ არის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დაიცვან, არამედ ისიც, რომ აღკვეთონ საჰაერო სივრცეში სახელმწიფო საზღვრი დარღვევა და ნებისმიერი იმ საფრენი აპარატის ჩამოგდება, რომელიც ამ რესპუბლიკების საჰაერო საზღვარს დაარღვევს, რა მიზნითაც არ უნდა ფრენდნენ ისინი", _ აცხადებდა ზელინი.
ჯერ კიდევ მაშინ, აღნიშნული სისტემის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განთავსებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ ამ სისტემების განლაგება ახალი ამბავი არ არის.