ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივნის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ახალი ამბების გაშუქებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე გადაწყვეტილება ჟურნალისტებმა უნდა მიიღონ და არა "ნაციონალურმა მოძრაობამ".
"საინტერესოა, რატომ გახდა პარლამენტის რეგლამენტის პრობლემა ის, რომ ჟურნალისტები დეპუტატებს აწუხებენ ტელეკამერებით და რატომ არ აწუხებს სხვა პრობლემა რეგლამენტს და ზოგადად პარლამენტარიზმს", აღნიშნა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ ღიმილის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ახალ რეგლამენტზე და მომავალ პარლამენტში ჟურნალისტების ქცევის წესებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საუბრობენ.
მისი თქმით, სწორედ ასე ჰქონდა "ნაციონალურ მოძრობას" მომავალ პარლამენტში სადეპუტატო მანდატებიც განაწილებული იქამდე, სანამ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა.
"მარჩიელობა, მათ შორის პოლიტიკაში, უმადური საქმეა. ის ადამიანები, რომლებიც ანაწილებენ როლებსა და ფუნქციებს მომავალ პარლამენტში, რამდენიმე თვეში კაცმა არ იცის სად იქნებიან", - მიაჩნია ოპოზიციონერ დეპუტატს.