არავინაა ვალდებული არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საკუთარ სამზარეულოში ჩაიკეტოს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას გააკეთა.
"ბიძინა ივანიშვილის განცხადებას შევაფასებ, როგორც ბუნებრივ რეაქციას იმ უსამართლობაზე, რომელიც შესაძლებელია მოხდეს. ჯერ-ჯერობით რაიმე დამამაშვიდებელი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა სამართლიანი არჩევნების მიმართულებით. თვალებში ნაცრის შეყრის ტექნოლოგია ნაციონალურ მოძრაობას ხელეწიფება საზღვარგარეთ, მაგრამ არა საკუთარ სამშობლოში. რასაკვირველია, არავინ არის ვალდებული, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ჩაიკეტოს საკუთარ სამზარეულოში. მოვლენებს ექნება ლოგიკური განვითარება. არცთუ ისე დიდი ხანი გავიდა ისეთი გაკვეთილის შემდეგ, როდესაც ჩვენს მოსახლეობას შესთავაზა ბატონმა სააკაშვილმა 2003 წლის ნოემბერში", - განაცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
ცისკარიშვილის თქმით, ივანიშვილმა ამ განცხადებით მინიშნება გააკეთა, რომ მის არსენალში ქუჩის აქციების იარაღიც არსებობს.
"ივანიშვილის ეს განცხადება უფრო პრევენციის მატარებელი თემა გახლავთ და არა მუქარა, უპირველეს ყოვლისა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, რომელსაც ქუჩის აქციების გარდა არაფერი წარმოუდგენია სამართლიანობის მიღწევის იარაღად. ეს იარაღიც რომ არსებობს ივანიშვილის არსენალში, მხოლოდ აღნიშნულის მიმანიშნებელი იყო აღნიშნული განცხადება და არა ის, რომ მისი სურვილია ასეთი სცენარის განვითარება",- აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების ასარჩევია, რა სახით უნდა განერიდოს ის სახელისუფლებო ძალადობას.
"მათ სერიოზულად მოუწევთ დაფიქრება საკუთარ მომავალზე - აირჩევენ ისინი გზას, რომელსაც ჰქვია "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს", თუ პირიქით, გადავლენ უფრო ხისტ პოლიტიკაზე და იგნორირებას გაუკეთებენ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს გააყალბებს, ის ხალხს ხმების დასაცავად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.