"ერს, ისევე როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა ღირსებაზე უარის თქმის შედეგია, მაგრამ ასეთი ქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება პიროვნებასაც და ერსაც და იწვევს მის სულიერ დეგრადაციას", _ ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საშობაო ეპისტოლეში.
პატრიარქი განსაკუთრებულ ყურადღებას საზოგადოების როლზე ამახვილებს დამ ას ღიქსების განცდის შენარჩუნებისკენ მოიწოდებს.
"საზოგადოება, რომელიც ღირსების განცდას მოკლებულია, განწირულია გადაგვარებისათვის. ამიტომაც არის ეს თვისება ერის არსებობის ერთგვარი გარანტი", _ ნათქვამია ეპისტოლეში.
"ჩვენ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამოკვეთილად გვქონდა და ამანაც გადაგვარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ბრძოლა წავაგეთ და მრავალი წელი დამპყრობელთა უღლის ქვეშ ვიყავით, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს ღირსება არ დაუკარგავს, რაც თავისუფლებისათვის ჩვენს მუდმივ ბრძოლას ასაზრდოებდა. რა თქმა უნდა, მოღალატეებიც ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ისინი საზოგადოებისთვის მიუღებლად ცხადდებოდნენ", _ ბრძანებს უწმინდესი და უნეტარესი.
კათოლიკოს-პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ მიუხედავად სარწმუნოებრივი სხვაობისა, ღირსების გრძნობა ყველა ადამიანს თანაბრად აქვს მიცემული და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული გამოავლენს თუ არა ამ თვისებას.
მისი თქმით, ამ ნიჭს ყველა ერი და კულტურა მიაგებს პატივს.
"მონღოლთა ნოინს ღირსების პატივისცემა რომ არ ჰქონოდა არ მოხდებოდა ცოტნე დადიანის მიერ თანამებრძოლთა გამოხსნა წამებით სიკვდილისაგან.
ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ; ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა.
საქართველომ ამ მხრივაც საოცარი მაგალითი უჩვენა მსოფლიოს XI საუკუნეში, როცა ჯალალ ედ-დინმა დაიპყრო თბილისი, მაგრამ მისი მოსახლეობა ვერ აიძულა ქრისტიანული სიწმინდეები შეელახათ. 100 000 ქართველმა სიკვდილი ამჯობინა რწმენისა და ღირსების უარყოფას", _ ბრძანებს პატრიარქი.