აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა წინააღმდეგია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხში. კერძოდ, აფხაზეთი მზადაა, მიიღოს თავისთან "იუნესკოს" მისია, მხოლოდ იმ პირობით, რომ მთელი მუშაობა ამ სფეროში ქართული მხარის მონაწილეობის გარეშე ჩაივლის.
"ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ხელი არ მიუწვდებათ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლების დაცვაზე, უმეტესწილად თავად საერთაშორისო თანამეგობრობის ბრალია", _ აცხადებს ლაკერბაია და აღნიშნავს, რომ ქართული მხრიდან წამოყენებული ნებისმიერი საკითხი, რომელიც უძველეს აფხაზურ ძეგლებს ეხება, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ხასიათისაა.
"ის მოქმედებები, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთის მიმართ ახორცილეებს, მაინც პოლიტიზებულია. ისინი რომ პოლიტიზებული არ იყოს, მაშინ მსოფლიო მნიშვნელობის მარგალიტები, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, პოლიტიკის გარეთ იქნებოდა და მათთან იმუშავებდნენ კიდეც", _ აცხადებს ლაკერბაია.
მისი თქმით, მისთვის ცნობილია, რომ აფხაზეთის ტერიტოროაზე არსებული ძეგლებსი საკითხი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე განიხილეს.
"თუ ამ კომისიას ძეგლების ამბავი აწუხებს, მაშინ - გაუმარჯოს საქართველოს! იქ საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ ჩვენ ბარბაროსულად განვკარგავთ იმას, რაც გვაქვს. ამაზე ყოველთვის ასე საუბრობენ და იმას კი არ ამბობენ, თუ რატომ ხდება ეს", _ აცხადებს ლაკერბაია და აღნიშნავს, რომ დღეს უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობის ტაძრების უმრავლესობა, "განსაკუთრებით აბჟუის აფხაზეთში", ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაზარალდა.
"ბედიის ტაძარი კი ამისი ნათელი დადასტურებაა - იგი არაერთგზის გამხდარა ქართული ჯარისგან დაცხრილვის ობიექტი. რაც შეეხება ქართული მხარის ზრუნვას აფხაზური ძეგლების გადარჩენის საკითხში, ეს ზრუნვა რომ რეალური იყოს, ქართულ მხარეს შეეძლო დახმარება, პრინციპით -"დახმარება გინდა, ხელი არ შემიშალო".
რაც შეეხება თავად "იუნესკოს", ერთხელ ჩემ მიერ ნათქვამი ფრაზა "თუნდაც ჰონდურასის გავლით" ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ "იუნესკოს" მხრიდან დახმარების მისაღებად, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს გვერდის ავლით", _ აცხადებს ლაკერბაია.
"შეიძლება რამდენიც გინდათ ისაუბროთ საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, თუმცა ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მითიურად, არამედ რეალურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აფხაზეთის კონტაქტები საერთაშორისო სტრუქტურებთან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი", - აცხადებს იგი.