ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას ძალიან დიდი პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
"აშშ-მა კიდევ ერთხელ აჩვენა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის შესაძლებელია შედგეს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა მომავალში. რა თქმა უნდა ამას მომავალისთვის ექნება დიდი მნიშვნელობა. იმის შემდეგ როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას. ამ მხრივ მისასალმებელია ასეთი მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან", - განაცხადა ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც "ფეისბუკზე" მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ის რომ ნაციონალური ტელეარხები და საქართველოს იდეოლოგები ცდილობენ აჩვენონ საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს შეხვედრა პირადად სააკაშვილის დამსახურება იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
"მარტივი გასაგებია, რომ ეს იყო პატივისცემა ჩვენი ქვეყნისადმი და საქართველოს მოსახლეობისადმი. ამ შეხვედრაში შეიძლება მართლაც დავინახოთ რაღაც ქვეტექსტი, როდესაც ობამამ სააკაშვილს შეახსენა, რომ მას იმედი აქვს, რომ საქართველოში დემოკრატიული და კანონიერი არჩევნების გზით მოხდება ხელისუფლების გადაცემა", - აღნიშნა ივანიშვილმა.