საქართველოს ვიცე-პრემიერმინისტრ გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
"ეს ნიშნავს საქართველოს გაძლიერებას ეკონომიკური, ასევე თავდაცვის, უსაფრთხოების კუთხით და საბოლოოდ ეს ნიშნავს დიდ პერსპექტივებს, მშვიდობიან ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, რომელზედაც გადაწყდა საქართველოს მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების, საქართველოს, როგორც დემოკრატიული მოდელის წარმოჩენის თვალსაზრისით. ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის მიღწევებს და იმ პერსპექტივებს, რომელიც საქართველოს წინაშე - როგორც ძლიერი საერთაშორისო საზოგადოებისთვის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფოს წინაშე - დგას.
ბარამიძემ ყურადღება ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე გაკეთებულ განცხადებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან.
"ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი სამომავლო თანამშრომლობაზე უფრო დეტალურად შეთანხმდება და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მაგრამ ობამას განცხადება მოწმობს იმას, რომ ყოველგვარის საკითხი, რომელიც საქართველოს წინაშე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში იდგა და ამაში აშშ-ის მხარდაჭერა გვესაჭიროებოდა, მხარდაჭერილია. ეს გულისხმობს შეიარაღებისა და ტექნიკის მიწოდებას და ასევე საქართველოს "აისაფის" პროგრამაში მონაწილეობას", - აღნიშნა ბარამიძემ.