საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო ყველაფერი - უსაფრთხოება, ეკონომიკური სტაბილურობის ხელშემწყობი პირობები და დემოკრატიის განვითარების კუთხით უმაღლესი შეფასება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შეფასებისას განუცხადა.
"პრეზიდენტების შეხვედრის ზოგადი ტონალობა განსაზღვრა პრეზიდენტ ობამას სიტყვებმა, რომ საქართველო არის სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანა, რომელმაც უნდა იამაყოს იმ პროგრესით რასაც მიაღწია ვარდების რევოლუციის შემდეგ და რომ საქართველო გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას პრეზიდენტი სააკაშვილის ლიდერები, ასევე საქართველო არის რეგიონალური ლიდერი და მაგალითი ამ დემოკრატიული გარდაქმნების. ეს იყო ცენტრალური მესიჯი და შეფასება იმ რვა წლის, რაც არის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გასული დღემდე", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი თქმით, შემდგომი გადაწყვეტილებები უკვე ობამას შეფასებამ განსაზღვრა, რომელიც შეეხება თავდაცვისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.
"ობამას შეფასებების შემდეგ კი აშშ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება არის შემდეგ - თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება, რაც ნიშნავს უახლოეს ხანებში ჩვენი ქვეყნის უპრეცედენტო მაღალ დონეზე დაცულობას, ამ კონტექსტში საქართველოსა და ამერიკის ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავება და ამერიკის მიერ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მხარდამჭერის გაგრძელებას, კერძოდ კი არჩევნები, რომელიც ტარდება საქართველოში იქნება შემადგენელი ნაწილი იმ დემოკრატიული პროგრესის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა", - მიაჩნია ნუგზარ წიკლაურს.
ამასთან, დეპუტატის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება, რადგან ერთის მხრივ ქართულ ბაზარზე შემოვა ამერიკული ინვესტიციები და ქართველებსაც მიეცემათ შესაძლებლობა აშშ ჩავიდნენ და ოპერირება მოახდინონ ამერიკულ ბაზარზე.
"ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების წინაპირობა, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პროდუქციას გავიდეს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და ძლიერ ბაზარზე. შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ საქართველომ ამ შეხვედრით მიიღო ყველაფერი - უსაფრთხოება, ეკონომიკური სტაბილურობის ხელშემწყობი პირობები და რაც მთავრია ნომერ პირველი დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან შეფასება, რომ ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული და მისაბაძი მაგალითი თავის მეზობლებისთვის", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას წიკლაურმა.