სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს მედიაში ინფორმაციის გავრცელების გამო, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე ქვეყანამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისათვის ნეიტრალური პასპორტები აღიარა. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეიტრალური პასპორტების აღიარების გაგრძელების შემთხვევაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატიდან გამოსვლითაც იმუქრება. ე.წ საგარეო უწყების სპეციალურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ "პირადობის დამადასტურებელი ნეიტრალური დოკუმენტი" და "ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები" არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი "ჩართულობის სტრატეგიისა" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის, რომელიც თბილისის ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიმუშავა. ეს დოკუმენტები, რომლებსაც საქართველო აქტიურად უჭერს მხარს, "ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის" ფარგლებში მოქმედებს და მათ შეუძლიათ თავისუფალი გადაადგილების უნივერსალურ უფლებას ხელი შეუშალონ და "ქართული სტრატეგიის" სხვა დოკუმენტებთან ერთად აფხაზეთის იზოლაციას შეუწყონ ხელი", _ ნათქვამია სეპარატისტების განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის პრეამბულაში ნათქვამია, რომ ქართული ინიციატივების მიზანი არის "აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით აღნიშნულ ტერიტორებზე მცხოვრები მოსახლეობის რეინტეგრირება საქართველოს ერთიან საკონსტიტუციო სივრცეში".
"ამგვარად ცხადი პოლიტიკური ჩარჩოების გამო აფხაზეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ხელისუფლების მოცემული ინიციატივები აბსოლუტურად მიუღებელია. აფხაზეთი არ არის ოკუპირებული ტერიტორია, რაშიც იოლად დარწმუნდება ნებისმიერი არაანგაჟირებული დამკვირვებელი, ამიტომაც არავითარი "სტრატეგიები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" არ იმუშავებს".
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ "ბლოკადის პერიოდში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ, როდესაც საბჭოთა დოკუმენტებმა დაკარგა ლეგიტიმური ძალა, აფხაზეთის ხელისუფლებამ არაერთგზის მიმართა სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურას რესპუბლიკის მოსახლეობისათვის საერთაშორისო ნეიტრალური პასპორტების მიცემის თაობაზე. მაგრამ მაშინ საქართველოსა მისი მოკავშირეების ზეწოლის ქვეშ აფხაზეთის ხელისუფლებას უარი უთხრეს.
"დღეს კი აფხაზეთის მოქალაქეებს რუსული პასპორტები აქვთ. მათ ასევე აქვთ საზღვარგარეთის აფხაზური პასპორტები, რომლებიც ყველა საერთაშორისო ნორმას შეესაბამება. საქართველოსა და მისი მიკავშირეების მეცადინეობით, ბოლო დროს გახშირდა პრაქტიკა შენგენის ვიზების გაცემისა რუსეთის საზღვარგარეთის პასპორტებზე, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა გაცემული. ასე თბილისი აიძულებს აფხაზეთის მოქალაქეებს, აიღონ "ნეიტრალური პასპორტები და აქტიურად არწმუნებს საერთაშორისო საზოგადოებას აღნიშნული იდეის პერსპექტიულობაში. თუმცა ეს თბილისის ხელისუფლების მორიგი მითია", _ ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათი განცხადებით, "ასევე მითია ოფიციალური თბილისის მიერ დეკლარირებული ამ პასპორტების "ნეიტრალურობა", ვინაიდან გრაფაში "ქვეყანის კოდი" მითითებულია "საქართველო".
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ "ვერავითარი გადაწყვეტილება აფხაზეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით აფხაზურ მხარესთან შეთანხმების გარეშე ვერ მიიღება".
"მომავალში ქართული ე.წ. ნეიტრალური პასპორტების აღიარება ჩვენი მხრიდან შეფასებული იქნება როგორც აფხაზეთის მოქალაქეების დისკრიმინაცია და აფხაზი ხალხის იზოლაციის მორიგი მცდელობა. სამწუხაროა, რომ XXI საუკუნის დასაწყისში თბილისის ხელისუფლება ახალი "ბერლინის კედლების" აღმართვას ცდილობს", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ამ ნეიტრალური პასპორტების თემას აფხაზეთი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე დააყენებს.
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ამ ე.წ. ნეიტრალური პასპორტების აღიარებას შესაძლოა პირდაპირი კავშირი ჰქონდეს ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზეთის მონაწილეობასთან", _ ნათქვამია განცხადების ბოლოს.