საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ოპოზიციას მოუწოდებს, გასცენ პასუხი კითხვას - არიან თუ არა მზად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე მოაგვარონ.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების განცხადებები განსაკუთრებით საყურადღებო უნდა იყოს იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ შეძლებენ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და რომ პუტინი დემოკრატი ლიდერია.
"მათ უნდა გასცენ პირველ რიგში პასუხი კითხვას - რაზე არიან მზად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ აღდგება თვითმფრინავით მიმოსვლა, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობები და სხვა ტიპის ეკონომიკური კავშირები და ეს არის ფასი საქართველოსთვის, რომ მან უარი თქვას ტერიტორიულ მთლიანობაზე, მიუღებელია", - აცხადებს უმრავლესობის წევრი და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არ არის არც ერთი ადამიანი, რომელსაც არ ესმოდეს, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობა, თუმცა მთავარი ღირებულებების დათმობის ხარჯზე ეს არ მოხდება.