"ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ხელისუფლების მენტალიტეტია - შეინარჩუნოს გავლენა მედიაზე და ვისზედაც არ აქვს, ხელკეტით გაუსწორდეს. ამის შესახებ ვეფხვაძემ საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მიერ გამოქვეყნებული პრესის თავისუფლების რეიტინგის შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, საქართველოში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით სიტუაცია ნორმალური რომ არ იყო, ეს ისედაც ყველამ იცოდა, თუმცა გასული წლის 26 მაისს სპეცდანიშნულების რაზმის მიერ მომიტინგეებთან ერთად ჟურნალისტების უმოწყალოდ ცემას საერთაშორისო დონეზე ადეკვატური ასახვა უკვე მოჰყვა.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ხელისუფლებაში ძველი გამოცდილებით ხვდებიან, რომ მედია მთავარი ბერკეტია, რომლითაც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება შეიძლება.
"იმ მედიაზე, რომელზედაც გავლენა აქვთ, ცდილობენ პოზიტიური საზოგადოებრივი აზრი შეიქმნას, ხოლო ვინც არ არის მათი გავლენის სფეროში, იმ ჟურნალისტებს უკვე ხელკეტებით უსწორდებიან", - აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მედიათავისუფლების კუთხით საერთაშორისო საზოგადოების მიერ აბსოლუტურად ადეკვატური შეფასებები კეთდება.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2011 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველომ გასულ წელთან შედარებით პოზიცია 5 პუნქტით გაიუარესა და 99-ე ადგილიდან 104-ე ადგილზე გადაინაცვლა.
როგორც ორგანიზაციის მოხსენებაშია აღნიშნული, საქართველოს რეიტინგი განაპირობა 26 მაისის აქციის დარბევისას ჟურალისტებზე განხორციელებულმა ზეწოლამ, ასევე მუდმივმა წნეხმა იმ ჟურნალისტებსა და ბლოგერებზე, რომელთაც რუსეთის მიმართ გარკვეული სიმპატიები აქვთ.