პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ აპრილის აქციების შემდეგ ხელისუფლება უფრო მეტ ანგარიშს უწევს საზოგადოებას, ვიდრე ეს მანამდე იყო.
საყვარელიძის თქმით, აპრილის აქციები უშედეგო არ იყო. პოლიტოლოგი აზრით, შედეგად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ხელისუფლება ცდილობს, ხალხი არ გააღიზიანოს და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები.
"თუ ერთ მხარედ მიხეილ სააკაშვილს განვიხილავთ, მეორე მხარედ _ აპრილის აქციებში მონაწილე ოპოზიციას, ბრძოლა მიმდინარეობდა ხელისუფლების შეცვლაზე. სააკაშვილი დარჩა ხელისუფლებაში, ოპოზიციამ ვერ მოახერხა მისი შეცვლა. ამ თვალსაზრისით ოპოზიციამ წააგო. მოიგო თუ არა ხელისუფლებამ, ეს კიდევ საკითხავია. უშედეგო არ იყო ეს პროცესი, თუმცა მან ის შედეგი ვერ გამოიღო, რასაც უმიზნებდა. ოპოზიციამ მოიგო მეტი ანგარიშგაწევა მის მიმართ, თუმცა არა იმდენად ოპოზიციამ, რამდენადაც ხალხმა. შედეგად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ხელისუფლება ცდილობს, ხალხი არ გააღიზიანოს და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები. ხელისუფლების მხრიდან ხალხის მიმართ ყურადღებიანობა მეტია, ვიდრე ეს იყო აპრილის აქციებამდე. ეს საზოგადოების მოგებად შეიძლება ჩაითვალოს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საყვარელიძემ.