ვარაუდი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობას დატოვებს და ის მმართველი გუნდის სახელით საპარლემენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, საფუძველს მოკლებული არ არის, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.
"მეჩვენება, რომ ეგ ვარაუდი საფუძველს მოკლებული არ არის. პრეზიდენტის ბედ-იღბალი დიდად არის დამოკიდებული იმაზე თუ რამდენი მანდატის მოპოვებას შეძლებს "ნაციონალური მოძრაობა" ახალ პარლამენტში. "ნაციონალური მოძრაობა" გაცილებით ძლიერი იქნება თუ პრეზიდენტი იქნება მის სათავეში. პრეზიდენტის სახელს უფრო მეტი ადამიანი გაჰყვება. რაც შეეხება შორეულ მომავალს - იმ შემთვევაში თუ პრეზიდენტი შევიდა საპარლამენტო ცხოვრებაში, თუ მოიპოვებს უმრავლესობას მას შეეძლება ერთის მხრივ გახდეს პარლამენტის თავჯდომარე, ხოლო მეორის მხრივ მას არ შეეშლება ხელი გახდეს პერმიერ-მინისტრი. არსად არ არის ისე, რომ პრემიერი არ შეიძლება იყოს პარლამენტის მოქმედი ან ყოფილი წევრი. მას შეეძლება დატოვოს პარლამენტი და გახდეს პრემიერი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი საპარლამენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტის გარეშე უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე შეიძლება იყოს.
"მე მგონი ასე ფიქრობენ თავად ნაციონალური მოძრაობის წევრები და თავად პრეზიდენტიც. ფაქტიურად, დღეისთვის თუ ვინმე ეწევა საარჩევნო კამპანიას, თავად პრეზიდენტია. ის მუდმივად არის კონტაქტში მოსახლეობასთან და იმ მოვლენებს, რომელმაც შეიძლება ყურადღება მიიქციოს, სტიმულირებას უკეთებს. ის მუშაობს და მუშაობს როგორც არჩევნებზე გამიზნული ადამიანი. ეს "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრს უნდა აწყობდეს წესით, რადგან კონსტიტუციის პირობა ისეთია, რომ თუ ერთად გაიმარჯვებენ თითოეულის გამარჯვებაა და თუ დამარცხდებიან - თითოეულის მარცხია. ანუ, თუ ნაციონალურმა მოძრაობამ საგრძნობი უმრავლესობა ვერ მოიპოვა მერე ის ვერც აღმასრულებელ სტრუქტურებს დააკომპლოქტებს. შესაძლებელია, რომ სხვები უფრო დამოკიდებულები არიან ამ გადაწყვეტილებაზე, ვიდრე თავად სააკაშვილი", - აღნიშნა საყვარელიძემ.