რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების საქართველოში საარჩევნო პერიოდს დამთხვევა მხოლოდ პრორუსული ძალების წინააღმდეგ იმუშავებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა რუსეთის სამხედრო წვრთნების „კავკასია 2012"-ს შეფასებისას განაცხადა.
„იმდენად არადეკვატურია რუსეთის ქმედებები, რომ მის უკან რა დგას ლოგიკურად ვერ მიხვდები. თუ რუსეთი იმას ფიქრობს, რომ ირანთან ურთიერთობების გართულების შემთხვევაში საქართველოში შემოვა, ასეთი რამის დაგეგმვა მხოლოდ ავადმყოფი გონების ადამიანს შეუძლია", - განაცხადა დარჩიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ აუცილებელია ასეთ დროს საქართველოს ხელისუფლებამ პრაგმატული ნაბიჯები უნდა გადადგას.
რაც შეეხება წვრთნების საქართველოში საარჩევნო პერიოდის დამთხვევას, დეპუტატს მიაჩნია, რომ კრემლში ვერც ეს გათვალეს და ის მხოლოდ - პრორუსული ძალების წინააღმდეგ იმოქმედებს.
„თუ პუტინს, ან კრემლში კიდევ ვინმეს ჰგონია, რომ ოკუპირებულ ტერიტორებზე ჯარების წინ და უკან ტარებით საქართველოში მის მომხრეებს რეიტინგს აუწევს ძალიან სცდება და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ შემთხვევაში ისინი საერთოდ არ იცნობენ ქართულ საზოგადოებას", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
გარდა ამისა, უმრავლესობის წევრი არ გამორიცხავს, რომ პუტინს მსგავსი მასშტაბების წვრთნები საკუთარი ხალხის დასაშინებლად სჭირდება, რომ თითქოს რუსეთს საქართველოსგან საფრთხე ემუქრება.
„იყო დრო, როცა პუტინმა რუსული საზოგადების ნაწილი დააჯერა, რომ რუსეთს საქართველოსგან სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა და ქართველები 40 მილიონი იყვნენ, მაგრამ ახლა ეს აღარავის აღარ სჯერა და რუსეთში აკუნინს უფრო უსმენენ ვიდრე პუტინს", - მიაჩნია დავით დარჩიაშვილს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაცია „კავკასია 2012"-ს ფარგლებში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ჩრდილო კავკასიასა და სომხეთში ერთდროულად ჩაატარებს.
რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, „კავკასია 2012" არა ოპერატიულ-ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული ხასიათისაა და მანევრები აშშ-ისრაელის მხრიდან ირანზე შესაძლო დარტყმების განხორციელების შემთხვევაში საბრძოლო წვრთნების ფარგლებში გაიმართება.