კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების "კავკასია 2012" ორ შესაძლო მიზეზს ასახელებს. როგორც ზაქარეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა. წვრთნები განხორციელდება ერთი მხრივ, იმიტომ, რომ რუსეთმა მოახდინოს ძალის დემონსტრირება და თავის წარმოჩინება, ხოლო მეორე მხრივ, იმისთვის, რომ მოახდინოს რეალურად იმ ძალების კოორდინაცია, რომლის განთავსებაც სამხრეთ კავკასიაში მან ოკუპაციის შედეგად მოახდინა.
ზაქარეიშვილის აზრით, წვრთნები ასევე მიმართულია რეგიონში ნატო-ს შესაძლო ოპერაციების წინააღმდეგ.
"ეს წვრთნები მკაფიოდ გამოკვეთილი ძალის დემონსტრირებაა. პირველ რიგში ნატო-ს წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ნატო-ს ჯარები განლაგებული არის თურქეთში, თურქეთი კი ნატოს წევრია და ამას ემატება ის, რომ დასავლეთის დემოკრატიის ქვეყნები აპირებენ სერიოზულ ზეწოლას ირანზე, რაც არ გამორიცხავს სამხედრო ოპერაციასაც. ის რომ წვრთნები ტარდება არა მარტო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, არამედ სომხეთშიც, მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს უნდა მსოფლიოს დაანახოს თუ ვინ არის ბატონ-პატრონი ამ რეგიონში. ეს ძალის დემონსტრირება მიმართულია არა უპირატესად საქართველოს წინააღმდეგ, არამედ სწორედ ნატო-ს შესაძლო ოპერაციების წინააღმდეგ რეგიონში. მე ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი დაინტერესებული იყოს საქართველო იმაზე მეტად დააზარალოს, ვიდრე დააზარალა თავის ოკუპაციით", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან საუბარში" ზაქარეიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის დეკემბერში, ქ.მოსკოვში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეებთან შეხვედრის დროს, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსმა ნ.მაკაროვმა განაცხადა, რომ 2012 წლის სექტემბერში დაგეგმილია სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლებების „კავკასია 2012" ჩატარება.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროების თანახმად, წინა წლებისაგან განსხვავებით „სწავლებები ჩატარდება არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში, არამედ სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში". წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა სახეობის ძალები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) საგანგებო ვითარებათა სამინისტროსა (МЧС) და დაცვის ფედერალური სამსახურის ძალები (ФСО) და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. დაგეგმილია დაზვერვისა და კავშირის ყველა სახეობის საშუალებების - ელექტრონული, კოსმოსური, აგრეთვე უპილოტო საფრენი აპარატებისა და მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენება", - იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.