პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძე ეკატერინა ხვედელიძის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის რეალისტობას უკავშირებს. როგორც საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილს მოქალაქეობას არ მისცემენ, მან ეს ფორმა მოძებნა პოლიტიკური აქტივობისთვის.
"როგორც ჩანს, ივანიშვილი რეალისტი პიროვნებაა. ეს იმ თანხიდანაც ჩანს, რომელიც მან დააგროვა. ის პოლიტიკაშიც ალბათ რეალიზმის პრინციპით ხელმძღვანელობს. თუ არ მისცეს მას მოქალაქეობა, მან რაღაცა ფორმა უნდა მოძებნოს პოლიტიკური აქტივობისთვის და როგორც ჩანს ეკატერინა ხვედელიძის პოლიტიკაში წასვლით მან ეს ფორმა მოძებნა, ხოლო თუ მისცეს მოქალაქეობა ცოლი ისევ ცოლი იქნება და პარტიაც მასთან აღმოჩნდება. ეკატერინა ხვედელიძის გადაწყვეტილება არც იმედის დაკარგვაა და არც პოვნა, ეს არის რეალიზმის პრინციპიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
საყვარელიძის თქმით, არ არის მიზანშეწონილი, რომ ივანიშვილს რომელიმე სხვა ძალისთვის გადაებარებინა თავისი პოლიტიკური ოჯახი.
"ვფიქრობ, რომ თუ არ მისცეს მოქალაქეობა პარტიას ხვედელიძე უხელმძღვანელებს. ქმარი სადმე რომ წავიდეს და მეგობარს სთხოვოს ოჯახის უფროსობა სწორი იქნება?! ნებისმიერი პოლიტიკური მეგობარი, რომ მოეპატიჟა ივანიშვილს _ ჩემი პარტია შენ შექმენიო, მაშინ ეს პარტია თავად ივანიშვილის არ იქნებოდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც "რესპუბლიკელებებთან", არც ალასანიას გუნდთან და არც ძიძიგურთან და დავითაშვილთან, ინტელიგანციის ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილთან მივიდა "ქართულ ოცნებაში", იქამდე მათთან არ მისულან. ივანიშვილის მიმზიდველობა ქართული საზოგადოებისთვის სხვა პარტიებისგან განსხვავდება. საზოგადოების მობილიზაციას ივანიშვილის პარტია და უშუალოდ მის გამგებლობაში დაქვემდებარებული სტრუქტურა უფრო მოახერხებს, ვიდრე ის პარტიები რომლებმაც აქამდე ივანიშვილის გარეშე ვერაფერი მოახერხეს. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი, რომ რომელიც სხვა ძალისთვის გადაებარებინა ივანიშვილს თავისი პოლიტიკური ოჯახი", - განმარტა პოლიტოლოგმა.
რაც შეეხება მოქალაქეობას, საყვარელიძის თქმით, თუ ივანიშვილს მოქალაქეობას არ მისცემს ხელისუფლება, ეს მათზე ცუდად აისახება, რადგან ივანიშვილი არც ტერორისტია და არც სახელმწიფოსთვის საშიში პირი.
"ის არც ტერორისტია და არც ქვეყნისთვის სახიფათო ადამიანი. სწორედ ამ მოთხოვნებით შეიძლება არ მისცენ მოქალაქეობა. ივანიშვილი აქამდე იყო ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ქვეყნისთვის თავისი პირადი საკუთრებიდან გამომდინარე, ანუ ყველაზე მეტი ფასი გადაიხადა თავისი პირადი ქონებიდან იმისთვის, რომ საქართველოში რაღაცეები უკეთესი ყოფილიყო, მათ შორის თვითონ ხელისუფლება. თუ მაინც არ მიეცა ივანიშვილს მოქალაქეობა, ე.ი. ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა კანონის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ თუ აღნიშნული შემთხვევაში გამოჩნდება ის, რომ ხელისუფლებას ივანიშვილის ეშინია.