საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან უწყებათაშორისი კომისია შეიქმნება.
ახალი „საარჩევნო კოდექსის" თანახმად, უწყებათაშორისი კომისია არჩევნების წლის 1 ივლისს შეიქმნება, ხოლო რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში - არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში, რომლის შემადგენლობაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბრძანებით განისაზღვრება, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესი - კომისიის დებულებით, რომელსაც ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დაამტკიცებს.
უწყებათაშორისი კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ მაინც, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ - კვირაში ერთხელ მაინც.
ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები, აგრეთვე პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც უწყებათაშორის კომისიას მიაწვდიან ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.
უწყებათაშორისი კომისია იხილავს საკითხებს, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე დარღვევის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უწყებათაშორის კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები), ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.
დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეკომენდაციით მიმართოს ნებისმიერ საჯარო მოსამსახურეს, ადმინისტრაციულ ორგანოს, ცესკოს გონივრულ ვადაში შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით.
უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით კომისიის სხდომაზე შესაძლოა მიწვეულ იქნენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.