"თეატრში ათონელზე" მხოლოდ ორი სპექტაკლი იდგმება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრში განუცხადეს, ეს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ფინანსური კრიზისის გამო მოხდა.
"სამწუხაროდ, სპექტაკლები მხოლოდ პარასკევს, შაბათსა და კვირას იდგმება და მხოლოდ ორი რეჟისორის სპექტაკლის ჩვენება ეწყობა. იმედი გვაქვს, დანარჩენ დღეებშიც დატვირთული პროგრამა გვქნება და შევძლებთ კვირის სხვა დღეებშიც მაყურებლის მოყვანას თეატრში", - განაცხადეს თეატრის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს "თეატრი ათონელზე" სეზონს ქეთი დოლიძის სპექტაკლით გაიხსნა.
სპექტაკლში - "დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო" - ნანა ფაჩუაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, რამაზ იოსელიანი და ნუგზარ რუხაძე მონაწილეობენ.
როგორც თეატრის ადმინისტრატორმა, ნატო მჭედლიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, სეზონის გახსნა სარემონტო სამუშაოს გამო გადაიდო.
"თავდაპირველად კოსმეტიკური რემონტი გავაკეთეთ, შემდეგ კი ტექნიკურ საქმეს მივხედეთ და 6 პროჟექტორი დავაყენეთ, რის გამოც ყველა სპექტაკლის განათება იცვლება. ეს დროსთან არის დაკავშირებული. სეზონს ქეთი დოლიძის სპექტაკლით გავხსნით და ამ სეზონზე ახალი განათებით 4 წარმოდგენას ვაჩვენებთ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მჭედლიშვილმა.
გიორგი ათონელის ქუჩაზე თეატრი, სახელწოდებით "თეატრი ათონელზე", 2004 წელს შეიქმნა.