"მინდა ახალი დისკი გამოვცე", - განუცხადა მუსიკოსმა რუსუდან სებისკვერაძემ "ჯი-ეიჩ-ენს". როგორც კომპოზიტორმა აღნიშნა, რამდენიმე ახალი სიმღერა უკვე მზად აქვს.
"უკვე 15 ახალი სიმღერა მზად მაქვს, რომელიც მინდა გამოვცე და საზოგადოებამ მოისმინოს, მაგრამ სპონსორები არ მყავს, ამიტომ ჩემი ნამუშევრები მიდევს მაგიდაზე. მინდა ჩავწერო და დისკი გამოვცე", - განაცხადა სებისკვერაძემ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ეკა მამალაძემ რუსუდან სებისკვერაძის სიმღერების დისკი გამოსცა. კომპოზიტორის სურვილია მსგავსი პროექტი სხვა მომღერლებთანაც განახორციელოს.
"მინდა ეკა მამალაძისნაირად სხვა მომღერლებთანაც ვითანამშრომლო და ერთად გამოვცეთ დისკი. ჩემი დიდი სურვილია ნუკრი კაპანაძესთან, მაია ჯაბუასთან, "თეატრალურის კვარტეტთან", ახალგაზრებთან ვითანამშრომლო. ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან - ნოდიკო ტატიშვილი და სხვა "ჯეოსტარელები". მინდა მათთვის დავწერო ახალი სიმღერები", - განაცხადა სებისკვერაძემ.