თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ბაჩო ცანავა ბავშვებს მასტერკლასს ჩაუტარებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მუზეუმში განუცხადეს ბაჩო ცანავას გამოფენის "თოჯინები თამაშობენ" - დათვალიერების შემდეგ ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას აუდიო-ვიზუალური მასალით პროგრამაში, მოისმენენ საინტერესო ფაქტებს თოჯინების შექმნის ისტორიის და უძველესი თოჯინების შესახებ.
შემდეგ კი ვორკშოპზე თავად შექმნიან ქართული ტრადიციული თოჯინების (გოგონები) და ფრანების (ბიჭები) ნიმუშებს.
შეგახსენებთ, რომ თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ცანავას გამოფენა სახელწოდებით „თოჯინები თამაშობენ " 8 იანვარს გაიხსნა. ექსპონატებს შორის ისეთი უნიკალური სათამაშოებიცაა როგორებიცაა XVIII საუკუნის ხის ცხენი სპილენძით გაფორმებული (გადმოცემით ერეკლე მეფის ნაქონი) ნინო ბრაილაშვილის 1 ეგზემპლარად დამზადებული თოჯინები. უძველესი ხალხური ეთნოგრაფიული ფიგურები, რომელსაც ძველად ქართველები დედოფალებს ეძახდნენ.
ასევე გამოფენაზე უძველეს სათამაშოებთან ერთად წარმოდგენილია თანამედროვე ფიგურები, რომლის ავტორიც თვითნასწავლი ხელოვანი ბაჩო ცანავაა.
ცნობისთვის, თბილისსში ბაჩო ცანავას პირველი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია მისი 30 ნამუშევარი მათ შორის „წითელი მტირალი ჯამბაზი", „მოხუცი ქალი", „არლეკინი", „ჰარი პოტერი", „ავტოპორტრეტი" „Jane Eyre"- ის ნახევარმეტრიანი ფიგურა და მრავალი სხვა.
ბაჩო ცანავამ ფიგურების დამზადება 13 - 14 წლის ასაკში დაიწყო, იგი პროფესიით ვეტერინარია, თუმცა თერთმეტი წელია თოჯინების გაკეთება მის ჰობად იქცა. მისი ნამუშევრები განსხვავებული და ორიგინელურია, საოცრად ემოციური და დინამიური ფიგურები იტალიური თიხით, თაბაშირითა და ცვილით არის შესრულებული. ამჟამად მის კოლექციაში არსებული ნამუშევრების რიცხვი უკვე ორმოცდაათს აჭარბებს. შესრულებული აქვს მინიატურები, ნახევარმეტრიანი და ასევე ფაიფურის თოჯინები, რომელიც იტალიაში ქალაქ ნეაპოლში „კაპო დე მონტის" ფაიფურის ქარხანაში მიწვევის დროს დაამზადა. ბაჩო ცანავას ნამუშევრებში როგორც თანამედროვე ასევე უმეტესად ძველი ეპოქის პერსონაჟები ჭარბობს.
გამოფენა „თოჯინები თამაშობენ" ხელოვნების სასახლეში 28 იანვრამდე გასტანს.