თბილისში ჯო ზავინულის "სინდიკატის" წევრები გამთენიისას ჩამოვლენ. მათ აეროპორტში ქართველი პიანისტი დინი ვირსალაძე დახვდება. როგორც ვირსალაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ჯო ზავინულის "სინდიკატის" ცნობილი წარმომადგენლები ამიტ ჩატერჯი (Amit Chatterjee) და მისი ბენდი ALLIANCE მან ინტერნეტის საშუალებით გაიცნო.
"გამთენიისას უნდა დავხვდე და ამის შემდეგ დავიწყებთ ჯაზსაღამოსთვის მზადებას. ერთ-ერთმა ვეტერანმა მუსიკოსმა დაგვაკავშირა ერთმანეთს და ინტერნეტის საშუალებით შედგა ჩვენი გაცნობა. დღეს ჩამოდიან და 13-მდე რამდენიმე რეპეტიციას მოვასწრებთ, იმიტომ რომ მუსიკა, რომელიც ცალ-ცალკე ვისწავლეთ, ახლა უნდა შევაერთოთ. მძიმე იყო მოსამზადებელი პროცესი, რადგან ნოტები სოციალურ ქსელში გადავუგზავნეთ ერთმანეთს და ისე ვმუშაობდით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დინი ვირსალაძემ.
ჯაზსაღამო "თბილისი მარიოტში" 13 იანვარს გაიმართება. პირველად თბილისში განხორციელდება სპეციალური პროექტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ჯო ზავინულის "სინდიკატის" ცნობილი წარმომადგენელი ამიტ ჩატერჯი (Amit Chatterjee) და მისი ბენდი ALLIANCE. ქართველ ჯაზპიანისტ დინი ვირსალაძესთან ერთად მუსიკოსები სპეციალურად ქართული პუბლიკისთვის საათნახევრიან პროგრამას შეასრულებენ.
ღონისძიების ფარგლებში "პორშეს" ახალი მოდელის პრეზენტაციაც მოეწყობა.
ცნობისთვის, 12 იანვარს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ჯაზსაღამოსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.