დღეს,10 იანვარს, 19:00 საათზე, "ოპერის მეგობართა საბჭოს" მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსმენელს საღამოზე იწვევს. თეატრის ორკესტრთან დაუკრავს მსოფლიოში აღიარებული ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც შეასრულებს მორის რაველის საფორტეპიანო კონცერტს. მსმენელი ასევე მოისმენს ჰექტორ ბერლიოზის "ფანტასტიკურ" სიმფონიას. კონცერტს წარუძღვება თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო.
"ხატია ბუნიათიშვილი ექსტრაორდინალური ტალანტის მქონე პიანისტია. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა განსაკუთრებულმა პიანისტურმა ნიჭმა, ბუნებრივმა მუსიკალურობამ, წარმოსახვის უნარმა და ბრწყინვალე ვირტუოზულობამ", - ასე დაახასიათა თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა მუსიკოსმა მარტა არგერიხმა ქართველი მუსიკოსი.