ახალგაზრდა პროდუსერის, ნათია გულიაშვილისა და რეჟისორის, ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმის პროექტი "მადონა" ნომინირებულია ბოშის ფონდის 2012 წლის პროგრამაზე - კოპროდუქციის პრიზი. "მადონას" გერმანელი კოპროდუსერია მარტინ დანიში (კომპანია: Nikokupferberg).
აღსანიშნავია, რომ "მადონა" პირველი ქართული კინოპროექტია, რომელიც კოპრდუქციის პრიზის მოსაპოვებლად იბრძოლებს მთელი ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის 15 პროექტს შორის, აქედან კი მხოლოდ ექვსია დოკუმენტური პროექტი.
შემდეგი საფეხურია ნომინანტების ფორუმი ბერლინში (7-11 თებერვალი) და დაჯილდოების ცერემონია ვისბადენში, რომელიც გერმანიაში 2012 წლის აპრილში გაიმართება.
ცნობისთვის, რობერტ ბოშის კოპროდუქციის პროექტი ქართული განაცხადებისათვის 2011 წელს ფონდის წარმომადგენლებს და ეროვნულ კინოცენტრს შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად გაიხსნა.
პროექტი მონაწილეობდა ეროვნული კინოცენტრის მიერ ორგანიზებულ ბოშის ინდუსტრიულ შეხვედრებში საქართველოში 2011 წელს. ნათია გულიაშვილი პროექტს წარმოადგენდა ასევე სარაევოს კინოფესტივალის ახალგაზრდულ ტალანტ კამპუსზე, სადაც იგი ეროვნული კინოცენტრის დელეგაციის წევრი იყო.
დოკუმენტური ფილმი 55 წლის ქალის ცხოვრებას ასახავს, რომელიც საბჭოთა დროს ტრავმაის მძღოლი იყო, დღეს კი ერთადერთი ქალია, რომელიც თბილისში ავტობუსს მართავს. მთელი მისი დარჩენილი ცხოვრებაა ბრძოლა - არ დაკარგოს მისწრაფება - მართოს ტრამვაი. საბჭოთა კავშირის ყოფილი დამსახურებული გმირი დეპოს ნანგრევებში ცხოვრობს, ცდილობს შეიძინოს კომპიუტერი და გაექცეს ყოველდღიურობას, სადაც წინააღმდეგობრივი არჩევანი საზოგადოების და თავად მადონას აღქმაში გაურკვეველ დამოკიდებულებას ბადებს მისი გენდერული როლის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული კინოცენტრის და რობერტ ბოშის ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 10 ივლისს საქართველოში გაიმართა ინდუსტრიული შეხვედრები. ცნობილმა გერმანელმა ექსპერტებმა, ტრეინერებმა და პროდიუსერებმა ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის ჩაატარეს ტრეინინგი, როგორ უნდა განავითარონ რეჟისორმა და პროდიუსერმა კინოპროექტი ევროპული სტანდარტებით.
პროგრამაში მონაწილეობდა 19 ქართველი (11 პროექტით) და 4 აზერბაიჯანელი კინემატოგრაფისტი. ვიზიტის და ტრეინინგის ყველა ხარჯი გერმანულმა მხარემ თავის თავზე აიღო.