Human Rights Watch-ის შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამინის უფლებებს არღევს. ამის შესახებ ნათქვამია Human Rights Watch-ის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რეგულირების არსებული სისტემა სათანადო სამართლებრივ პროცედურებზე ბრალდებულის უფლებებს არღვევს.
ანგარიშში წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სისტემის რეფორმას, მან უნდა გაატაროს გადაუდებელი ზომები ბრალდებულთა
უფლებების უზრუნველყოფის მიზნით.
Human Rights Watch-ის უფროსი მკვლევარი ევროპასა და შუა აზიაში და ანგარიშის ავტორის ამბობს გიორგი გოგიას შეფასებით, მოძველებული კოდექსის ცვლილებებზე მუშაობა იმედისმომცემი ფაქტია, მაგრამ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების
შესავსებად სასწრაფო ზომებია მისაღები.
"უკანასკნელი წლების მანძილზე, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის
ზრდისას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს მიმართავდნენ აქტივისტებისა და
საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების დასაკავებლად. 2011 წელს მომზადდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი პროექტი, მაგრამ ივლისში პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კოდექსის ვარიანტი არ აკმაყოფილებს
საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ნაკისრ ვალდებულებებს", - აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში და აქვე ნათქვამია, საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფო ზომები უნდა გაატაროს იმისათვის, რომ საქმის სამართლიან
განხილვაზე ნებისმიერი დაკავებული პირის უფლება სრულად შეესაბამებოდეს
ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
ამასთან, Human Rights Watch-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამართლებრივ სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
საზოგადოებრივი წესრიგის მსუბუქი დარღვევაა და მას ნასამართლეობა არ მოყვება, საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, კი გარკვეული სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის მაქსიმალური 90 დღიანი ვადის შეფარდება სისხლის სამართლის სასჯელს უტოლდება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 2011 წლის განმავლობაში
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 31 ადამიანს მიესაჯა 90 დღიანი
პატიმრობა, 132 ადამიანს - 60 დღიანი და 343-ს - 30 დღიანი. მაგრამ, დაცვის ისეთი
ძირითადი საშუალებები, როგორიცაა, დაკავებული პირისთვის მისი დაკავების მიზეზების განმარტება ან მისთვის ოჯახის წევრების შეტყობინების უფლების მიცემა, უფრო სუსტი ან ბუნდოვანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ვიდრე ანალოგიური გარანტიები, რომლებსაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
ითვალისწინებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩამდენი პირების უფლებას სათანადო სამართლებრივ პროცედურებზე არც სასამართლო იცავს. სასჯელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის უტოლდება სისხლის სამართლის სასჯელს, ნებისმიერი პირი, რომელსაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება, უნდა სარგებლობდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურებისა და სამართლიანი სასამართლოს ისეთივე უფლებებით, როგორებითაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირები სარგებლობენ, და თვითნებური დაკავების წინააღმდეგ იგივე
გარანტიები უნდა ჰქონდეთ", - აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.
„თავად საქართველოს ინტერესებშია, რომ მოაწესრიგოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი. თუ ამას არ გააკეთებს, დიდია ალბათობა იმის, რომ ქვეყნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არაერთ საქმეს წააგებს", - მიაჩნია გიორგი გოგიას.
Human Rights Watch-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პრობლემას წარმოადგენს, პატიმრობის პირობები.
"ბოლო წლებში ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორების განახლებისა და შეკეთებისთვის, მაგრამ კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის ყოველდღიურად შხაპის მიღებისა და სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებების, დასაკმაყოფილებლად. ანგარიშები, რომლებიც წამების საწინააღმდეგო ევროპულმა კომიტეტმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარტმა მოამზადეს და, აგრეთვე, ყოფილი პატიმრების ჩვენებები მიუთითებენ იმაზე, რომ პატიმრობის პირობები ამ იზოლატორებში ხშირად არ აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს", - აღნიშნულია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ ანგარიში ინტერვიუებზე დაყრდნობით მომზადდა, რომელიც აღებულია ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ათეულობით პირის ადვოკატებისგან, პატიმრობამოხდილი ექვსი პირისგან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლოს მიერ დაჯარიმებული ორი პირისა და
ხელისუფლების მაღალჩინოსანი წარმომადგენლებისგან. თითქმის ყველა რესპონდენტი, რომელსაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული, ოპოზიციის საპროტესტო აცქიებში მონაწილეობისთვის იყო დაკავებული.
შეგახსნებთ, რომ პარლამენტმა განახლებული "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" მიღება საგაზაფხულო სესიისთვის გადადო.