დღეს, 4 იანვარს, ფონდი "იავნანა" და თიბისი ბანკი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაბადების დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფონდი იავნანას სამხატვრო ხელმძღვანელმა თეო ჯორბენაძემ აცნობა, საღამო ალ. გრიბოედოვის სახელობის თეატრში გაიმართება და პირველად ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში - საკონცერტო შესრულებით წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის ოპერა - "ბედის ძალა".
მთავარ პარტიებს შეასრულებენ მსოფლოში აღიარებული ქართველი ვარსკვლავები: პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, თეა დემურიშვილი, ნანა ქავთარაშვილი, მიხეილ ბახტაძე.
პაატა ბურჭულაძის მოწვევით საღამოში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ბარიტონი - ალბერტო რინალდი.
ალბერტო რინალდი მსოფლიოს პირველი კლასის საოპერო თეატრებში მღერის. იგი მთავარ პარტიას ასრულებს ფრანკო ზეფირელის "ჯამბაზებში".
აღიარებულ მომღერლებს თანხლებას გაუწევს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი. დირიჟორი - ჯანლუკა მარჩიანო.
საღამოს დასასრულს ბინის გასაღები გადაეცემა დიასამიძეების 8 შვილიან ოჯახს.