საქართველო ოკუპირებულ რეგიონებს ფართო ავტონომიის მინიჭებას კვლავ სთავაზობს. აღნიშულის შესახებ საუბარია განახლებულ "ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში", რომელშიც საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ცალკე თავად არის გამოტანილი.
"საქართველოს ხელისუფლება მოწოდებულია, გადადგას დროული და ეფექტური ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ მშვიდობიანი, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე
დამყარებული მეთოდებით. საქართველო ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, კონცეფციაში აღნიშნულია, რომ საქართველო ცალმხრივად იღებს ვალდებულებას ცეცხლის განუახლებლობის შესახებ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის პარლამენტში 2010 წლის 23 ნოემბერს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"აღნიშნული ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა ევროკავშირის, ნატოს, გაეროსა და ეუთოს ხელმძღვანელობასთან, ასევე აშშ-ის პრეზიდენტთან გაგზავნილი წერილებით. საქართველო აგრძელებს სამშვიდობო წინადადებების შეთავაზებას, რომლებიც გულისხმობს ოკუპირებული რეგიონებისთვის ევროპულ გამოცდილებაზე დამყარებული ფართო ავტონომიის შეთავაზებას", - ხაზგასმულია კონცეფციაში.
ამასთან, საქართველო მზადაა სამშვიდობო პროცესის საწყის ეტაპზე, ოკუპირებული რეგიონების საბოლოო სტატუსის განხილვის გარეშეც დაიწყოს თანამშრომლობა ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში, რაც გულისხმობს, სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენას, ეკონომიკის რეაბილიტაციას, იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების დაბრუნებას, დეოკუპაციის პროცესის დაწყებას და ა.შ.
ასევე, საქართველო მიესალმება ყველა სამშვიდობო წინადადებას და ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას.