ბაქოში თამარ გვერდწითელის კონცერტი გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო გადაიდო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა საღამოს მოწყობაში დრო არ ეყოთ.
"ვერ გავითვალისწინე რაღაც დეტალები და ამიტომ, ვერ მოვასწარით კონცერტის ჩატარება. თამრიკოს ამჯერად ბენდთან ერთად აღარ უნდოდა კონცერტის ჩატარება. და, მოგეხსენებათ, სიმფონიური ორკესტრი ერთ თვეში 40 ნაწარმოებს ვერ ისწავლის. ამიტომ, ნაჩქარევ კონცერტს გვირჩევნია გადავიტანოთ", - აღნიშნა ოქტიტაშვილმა.
ამჯერად, უკვე კონცერტის ზუსტი თარიღის დასახელებისგან ორგანიზატორი თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ თამრიკო გვერდწითელის კონცერტი ბაქოში იანვარში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თამრიკო გვერდწითელი ბაქოში 26 დეკემბერს გეგმავდა სოლოკონცერტის გამართავს. კონცერტი, რომელსაც "სიზმრები საქართველოზე" ერქვა 3000-კაციან დარბაზში უნდა გამართულიყო. კონცერტი აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდებოდა.